BTU-სა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 10 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მთავარ მიზანს ორმხრივად სასარგებლო კვლევებისა და პროექტების წარმოება, ასევე მხარდაჭერისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება წარმოადგენს. კერძოდ, თანამშრომლობა შეეხება ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების განვითარებისა და მისი გამოყენების ხელშეწყობას.
მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმომწერი მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებული ძალისხმევით განახორციელონ ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული ერთობლივი პროექტები, კომპეტენტურ მკვლევართა ჩართულობით აწარმოონ კვლევები, ხელი შეუწყონ სტუდენტთა სტაჟირებას/დასაქმებას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, ლექციებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის ფარგლებში, IDFI-სა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების ინიციატივით, წლების მანძილზე საფუძველი ჩაეყარა მრავალი აკადემიური სასწავლო კურსის/მოდულის შექმნას, მათ შორის საბჭოთა წარსულის კვლევები, კარგი მმართველობის, კორუფციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.