BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდგომ გამოვლინდნენ.
პროექტის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:
- პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
- მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
- მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.
“ჩემს მიერ შერჩეული მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შემოთავაზება – მიმეღო მონაწილეობა ოლიმპიადაში თავიდანვე საინტერესო აღმოჩნდა. ნებისმიერი შეჯიბრი არის გამოწვევა, რომლის დროსაც საკუთარ შესაძლებლობებს ვსინჯავ. არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესო იყო ოლიმპიადის შემოთავაზება. მინდა აღვნიშნო, რომ სირთულით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა იმ საერთაშორისო ოლიმპიადებს, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია” – აღნიშნავს დემეტრე გელაშვილი, პირველი ადგილის მფლობელი – სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მოსწავლე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ოლიმპიადის ორგანიზებისთვის. სამივე ტურის ამოცანები საკმაოდ კარგად იყო შერჩეული, რაც წერის პროცესს ორმაგად საინტერესოს ხდიდა. პრობლემები ძირითადად საოლიმპიადო და სასკოლო მათემატიკის ამოცანების მიქსი იყო, რაც, ცხადია, მოითხოვდა აღნიშნული მიმართულებით საკმარის ცოდნასა და გამოცდილებას. საკონკურსო დროც თითქმის ზუსტად იყო გათვლილი ბავშვებისთვის, რაც წერის პროცესში მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. ფინალურ ტურამდე ჩატარებული ორი ონლაინ სესიაც დამეხმარა ოლიმპიადის სტილის შეჩვევაში და ეს ყველაფერი ფინალური ტურის შედეგზეც აისახა” – აცხადებს ალექსანდრე ონიანი, მეორე ადგილის მფლობელი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე.