BTU-სა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით 5G-ის თემაზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩატარდა სამეცნიერო დისკუსია 5G-ისთან დაკავშირებით. მოწვეულმა სპიკერებმა, 5G ქსელის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დეტალურად ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე, რაც აქვს საქართველოს ახალი თაობის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად. დისკუსიისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ასევე საქართველოს პერსპექტივის განხილვას, გახდეს ციფრული ჰაბი.
- ეკატერინე იმედაძე (კომუნიკაციების კომისიის წევრი) – „5G ქსელის დანერგვა და ხელშეწყობა საქართველოში“
- ხათუნა ბურკაძე (BTU-ს პროფესორი)- “კიბერუსაფრთხოების გამოწვევები 5G ტექნოლოგიების კონტექსტში”
- სანდრო ქარუმიძე (კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი) – „5G ქსელების განვითარების პერსპექტივა საქართველოში- სპექტრი და ინფრასტრუქტურა;
- ზურაბ კუჭავა (BTU-ს პროფესორი)- – “5G ძირითადი ტექნოლოგიები, საშუალებები და გამოყენებები”
- ზვიად გაბისონია BTU-ს პროფესორი) – “5G ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი”
- დავით გონდაური (BTU-ს ასოცირებული პროფესორი)- “5G ტექნოლოგიები და ციფრული აბრეშუმის გზის პერსპექტივები”
- თამთა მამულაიძე (BTU-ს ასოცირებული პროფესორი) – “5G ტექნოლოგიები როგორც ახალი ფორმაციის ინსტრუმენტი”
„ბევრ ბენეფიტთან ერთად, 5G ტექნოლოგიას, ჩვენ მოვიაზრებთ, ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის შემსრულებლად, რაც მოიცავს ფართო მასებისთვის ინტერნეტთან წვდომის სრულყოფას. BTU-ს ფარგლებში აღნიშნულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კვლევები გვაქვს ჩატარებული. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებასა და ინკლუზიურ შესაძლებლობებს, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად ინტერნეტთან წვდომა. ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები კი ბევრი სიკეთის მომტანია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო, დაგვეორგანიზებინა სამეცნიერო დისკუსია, სადაც ერთმანეთს გავუზიარებდით ხედვას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, დარგის მკვლევართა ჯგუფის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორები და სხვა. დისკუსიაზე გამოთქმულ ხედვებთან დაკავშირებით BTU-ს კვლევითი ცენტრი სხვადასხვა კვლევას განახორციელებს“, – აღნიშნავს BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე.
„კომუნიკაციების კომისიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია 5G ტექნოლოგიის დანერგვა და განვითარება, ამ მიმართულებით ჩვენ 2019 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ. დღეს, როდესაც უკვე მზაობა გვაქვს აუქციონის გამოცხადებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ამ საქმეში ვფიქრობ რომ სამეცნიერო წრეები და სამეცნიერო დისკუსიები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ 5G-ისთან დაკავშირებული ყველა ის ძირითადი ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური მიმართულება, რაც სამეცნიერო კუთხით არის მნიშვნელოვანი. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც 5G ტექნოლოგიას ახლავს თან. ამასთან, დარგის სპეციალისტებთან ერთად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ აუცილებელია სამართლებრივი რეგულირება და 5G ტექნოლოგიის სწრაფი და ეფექტური დანერგვა შემდეგ მიმართულებებში: ციფრული აბრეშუმის გზა, ჯანდაცვისა და აგრარული ტექნოლოგიები. გარდა ამისა, კომუნიკაციის კომისიის მხრიდან გამოითქვა სურვილი და მზადყოდნა, BTU-სთან თანამშრომლობით ერთ სივრცეში გაერთიანდნენ მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც იმუშავებენ 5G-ისთან დაკავშირებულ კვლევებზე. წამყვან როლს ამ მიმართულებით BTU იკისრებს“, – განმარტავს BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორი, ზვიად გაბისონია.