NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელის პარტნიორების რაოდენობა იზრდება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) თანამშრომლობით შექმნილი NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელის პარტნიორების რაოდენობა იზრდება!
საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის 15 ინსტიტუცია ერთიანდება სამხრეთ კავკასიის რეგიონის და უკრაინის აკადემიურ ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის გაძლიერების, ცოდნისა და რესურსების გაზიარების, სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და აშშ-ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ქსელი 2023 წელს დაარსდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით და ხელს უწყობს:
- რეგიონულ თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას ეფექტური და მდგრადი გლობალური პარტნიორობისკენ;
- რესურსების, ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკების გავრცელების ხელშეწყობას კვლევის ადმინისტრირების სასიცოცხლო ციკლის შესახებ;
- მაღალკვალიფიციური ექსპერტების, პრაქტიკოსი და თანამოაზრე პროფესიონალების გაერთიანებას და კოლაბორაციული და სადისკუსიო პლათფორმის შექმნას;
- მულტიდისციპლინური მიდგომების ხელშეწყობას განათლებასა და კვლევაში, რაც ხელს უწყობს ინოვაციას და ტექნოლოგიების ტრანსფერს ლაბორატორიიდან ბაზრამდე;
- ცოდნის გაზიარების მიზნით კურსების, აქტივობების, ვებინარების, ვორქშოპების ორგანიზებას.
აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭო (NCURA) დაარსდა 1959 წელს და აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1100-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან.
საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების განვითარებაში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. NCURA-ს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციის ყველა წევრს კვლევის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში და ხელი შეუწყოს მათი გამოცდილების გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის მხარდამჭერია ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა’’ (UCBP).
პროგრამის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერება. UCBP ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
NCURA-ს პარტნიორების ამჟამინდელი სია:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, საქართველო;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო;
- ოდესის მეჩნიკოვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უკრაინა;
- მიკოლა გოგოლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ტავრიას სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი;
- ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრი, აზერბაიჯანი.