BTU-ს წარდგენილი სტარტაპი საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა და საერთაშორისო შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას!
ნული ნარჩენი (zero waste) – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ თითქმის ნულამდე იქნას ნარჩენის რაოდენობა დაყვანილი.
ნული ნარჩენის კონცეფცია კი უდევს საფუძვლად საქართველოში „ზერო ეფექტი“ სივრცის შექმნას. ეს არის მაღაზია, რომლის სივრცეშიც ინტეგრირებულია ყოველდღიური მოხმარების პლასტმასასგან დამზადებული ნივთების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი ალტერნატივები. მიზანი კი ნარჩენის მინიმუმამდე დაყვანაა.
სწორედ ეს იდეა და პროექტი გახდა წელს საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებული საქართველოდან სოციალური გავლენის კატეგორიაში.
როგორც სტარტაპის ერთ–ერთი დამფუძნებელი ანნა ჩხოიძე განმარტავს, „ზერო ეფექტი“ – საქართველოში პირველი ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.
„დღეს, კონსიუმერიზმის ეპოქაში ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასასგან დამზადებულ ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში, ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველების და ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნული ნარჩენის მიღწევა რეალისტური და მიღწევადია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯი და ერთი არჩევანიც გადამწყვეტი და შედეგის მომტანია,“ – აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი თაკო ბარამიძე.
სწორედ ეს მეტად კეთილშობილური მიზნის მქონე სტარტაპი გახდა კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებული და ის კიდევ 6 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებს. კონკურსზე სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ. კონკურსში საერთო ჯამში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.
“კონკურსში მონაწილეობა ჩვენი საქმიანობის განვითარების მიზნით გადავწყვიტეთ.ამ ეტპზე იგეგმება მაღაზიაში ახალი პროდუქტების დამატება, შემეცნებითი აქტივობების გამრავალფეროვნება, ასევე ნული ნარჩენის კომუნას გაძლიერება და გააქტიურება. ზოგადად, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ინტერესი ქართველ მოსახლეობაში გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენს ეპოქაში ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასის, არასაჭირო ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში,ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველების და ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ზერო ეფექტის სივრცეში არსებული მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს პლასტმასას და სხვა ერთჯერადი ნივთების ალტერნატივებს, დაწყებული ლანჩისთვის აუცილებელი ნივთებით, დამთავრებული თავის მოვლის საშუალებებით. ჩვენი მიზანია, რომ სივრცეში მაქსიმალურად ყველა პროდუქტი იყოს ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული, ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ. ვცდილობთ წავახალისოთ მეწარმეები აკეთონ ეკო-მეგობრული პროდუქტები. გარდა ამისა, „ზერო ეფექტი“ ყოველ კვირას მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას: თემატური ფილმის ჩვენებები, ლექციები გარემოს დაცვის თემატიკაზე, ტანსაცმლის გაცვლები და ა.შ,“ – განმარტავს ანნი ჩხოიძე.
სტარტაპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟიურის პოზიტიური შეფასება და კონკურსში გამარჯვება. ამჯერად კი საეთაშორისო ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებიან.
„განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფინალის. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რაც პროცესში შევიძინეთ და რასაც საერთასორისო ასპარეზზე გასვლით მივიღებთ. ამ ეტაზე ჩვენს კომპანიას მეტი განვითარება და უკეთესი კომუნიკაცია სჭირდება. ამაში კი კონკურსი გვეხმარება. რამდენიმე თვის წინ ჩავუშვით ვებგვერდი, რომელის საშუალებითაც ჩვენი პროდუქტები საქართველოს მასშტაბით გახადა ხელმისაწვდომი. შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ ჩვენი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანას. ასევე გვინდა გავხდეთ გლობალური ნული ნარჩენის მოძრაობის წევრები, ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიდის,“ – დაამატა თაკო ბარამიძემ.
კომპანია ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს მოტივაციას დაამზადონ გარემოსთან მეგობრული პროდუქცია, შემდეგ კი განათავსონ ზერო ეფექტის სივრცეში.
„ჩვენ გვჯერა ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების და იმის, რომ ჩვენი გავლენა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს გარემოზე. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მომავალი არის მწვანე და არა პლასტმასას,“ – აღნიშნავენ სტარტაპერები.