BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს
“დღეს მიუხედავად იმისა, რომ ქალებს წინა საუკუნეებთან შედარებით გაცილებით მეტი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ, საზოგადოებაში მაინც გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შესაძლებელია წარმატებული იყოს ან უბრალოდ მოღვაწეობდეს ტექნოლოგიებში. დამსაქმებლებიც ძირითადად ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე ქალ პროგრამისტებს ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, რაც დიდი პრობლემაა,“ – ასე ფიქრობს მარიამ დავითაძე, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და 13-14 ნოემბერს ვარშავაში დაგეგმულ სამიტში Perspektywy Women in Tech Summit მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სულ 15-მა ქართველმა გოგომ მიიღო დაფინანსება.
„დღესდღეობით არაერთი ღონისძიება ტარდება ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანია Perspektywy Women in Tech Summit – პერსპექტიული ქალები ტექნოლოგიებში, სადაც უკვე წარმატებული ქალები რომლებიც ტექნოლოგიებში მოღვაწეობენ, ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, პრობლემებზე და ამ პრობლემის მოგვარების თავიანთ გზებზე. მიწვეულია 100-ზე მეტი სპიკერი მსოფლიოს მასშტაბით. სამიტის ორგანიზატორია პერსპექტიული განათლების ფონდი (Perspektywy Education Foundation),“ – დაამატა მარიამმა.
მარიამი ჯერ სტუდენტია, თუმცა ტექნოლოგიების სფეროში უკვე საკმაოდ წარმატებულია. როგორც თავად იხსენებს, პირველი კლასიდან მისი საყვარელი საგანი მათემატიკა იყო და დღემდე ასე რჩება. სწორედ მათემატიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა, ტექნოლოგიებში საკუთარი წვლილი შეეტანა.
პროფესიის არჩევაში დამეხმარა ტექნოპარკის მიერ ჩატარებული მოსამზადებელი კურსები პროგრამირების ენა Python-ში. ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. სამიტის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერისტეტმა მოგვაწოდა და მონაწილეობა შემოგვთავაზა. შევავსე ფორმა და დაახლოებით ერთ თვეში მომივიდა მოლოცვისა და გრანტის დადასტურების მეილი. სამიტში მონაწილეობა კარიერულ წინსვლაში დიდ ბიძგს მომცემს. რადგან თუნდაც ფაქტი, რომ საქართველოდან მხოლოდ 15 გოგო დააფინანსეს და მე მათ შორის ერთ-ერთი ვარ, კარგი მოტივატორია. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალებს ტექნოლოგიებში დამსაქმებლები და არა მხოლოდ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ, რაც დიდი ზეწოლაა. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე აქტუალური თემა სამიტზე – როგორ გავუმკლავდეთ ამ ზეწოლას. ამ სტიგმის დარღვევაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ძალიან გვეხმარება. მეორე მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს სტუდენტებს მსგავს ღონისძიებებზე ჩართული ვიყოთ. კვირის განმავლობაში მინიმუმ 10-15 მეილი მაინც მომდის ხოლმე, რომლებიც ორიენტირებულია კარიერულ განვითარებაზე,“ – განმარტვს მარიამი.
ზოგადად, ტექნოლოგიებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი საქართველოში ძალიან დაბალია. ჩვენ ვცდილობთ, ეს რეალობა შევცვალოთ და ქალებს ვუთხრათ, რომ ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ტექნოლოგიებში, როგორც კაცებს. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გვყავს მეტად წარმატებული სტუდენტიც მარიამ დავითაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში Perspektywy Women in Tech Summit-ზე ჩვენს უნივერსიტეტს წარადგენს. ქალების მხარდაჭერის მიზნით, წლის დასაწყისში დავიწყეთ სოციალური პროექტი „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“. საწყის ეტაპზე პროექტი თბილისის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა დაინტერესება ძალიან დიდია და მალე მის რეგიონებში გატანასაც ვაპირებთ.
მარიამ დავითაძე ვარშავაში ნოემბრის დასაწყისში გაემგზავრება. სამიტში მონაწილეობა სრულად ორგანიზატორების მიერ ფინანსდება.