BTU-ს პირველკურსელი სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპები
„შენი ციფრული სკოლა“
ეს არის სტარტაპი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორეკურსელმა გეგა თათულიშვილმა შექმნა. სტარტაპი მოსწავლეებს ეროვნული გამოცდისთვის მოამზადებს. ეს არის ციფრული სკოლის პლატფორმა https://www.yourdigitalschool.com/, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად და შესაბამისი გამოცდების ჩასაბარებლად, 1 თვეში შეასწავლის სასკოლო პროგრამას.
„პროგრამა მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას ინდივიდუალურად სთავაზობს. პლატფორმა სპეციალური ალგორითმებითაა შექმნილი, რომლის გამოყენებითაც ის ადგენს მოსწავლის ცოდნას, აანალიზებს და ინდივიდუალურად ასწავლის იმ თემას, რაშიც მას სჭირდება ცოდნის გაუმჯობესება. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლემ ვიდეო და ფოტო მასალით შეისწავლოს თეორიული მასალა, გაიმეოროს განვლილი მასალა და მიიღოს დაშვებული შეცდომების შეხასებ ვრცელი განმარტება. ასევე, მოსწავლეს შეუძლია დასვას შეკითხვა და მიიღოს შესაბამისი პასუხი,” – განმარტავს გეგა თათულიშვილი.
საწყის ეტაპზე ციფრული სკოლის პლატფორმის ფარგლებში ინტეგრირებულია ბიოლოგიის კომპონენტი, რომლის ტესტირება თბილისის სხვადასხვა სკოლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პლატფორმა მარტივი, სახალისო ინტერფეისით გამოირჩევა და მე-12 კლასელებისთვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ტესტირების პროცესში მონაწილე მოსწავლეების განმარტებით, პლატფორმის გამოყენება გაცილებით ზოგავს მათ დროს საგანში მომზადებისთვის, სახალისოდ და მარტივად ასწავლის იმ საკითხებს, რომელთა შესწავლა მათ რთულად ეჩვენებოდათ.
Fenix
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტერგაცია და მათთვის არსებული შესაძლებლობების ზრდა თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის გოდერძი მარის სტარტაპი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ შექმნილი სტარტაპი Fenix არის აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება შშმ პირთა უმრავლესობას გადაადგილებაში.
„საწყის ეტაპზე აპლიკაციაში ჩატვირთული იქნება თბილისის მთლიანი რუკა, რომელზეც ნაჩვენები იქნება ყველა ის ლოკაცია, სადაც განთავსებულია ადაპტირებული პანდუსები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სახის ყველა დაწესებულება, რომლებიც შშმ პირებზეა მორგებული. აპლიკაცია მათ უჩვენებთ სასურველ ადგილამდე მისასვლელ ყველა გზას, ადაპტირებულ გადასასვლელებს და ასევე უმოკლეს მიმართულებას სასურველ ლოკაციამდე. ჩვენ განვიხილეთ ის მომენტიც, როცა უცხო ადგილას ორიენტაცია გვიჭირს, ამის თავიდან ასაცილებლად დავამატეთ ფოტო და აუდიო ორიენტირები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებლებს გადაადგილებაში დაეხმარება“, – განმარტავს გოდერძი.
Papp
პარკინგის სისტემა თბილისის ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ამჯერად კი ამ გამოწვევის მოგვარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გუგა გიორგაძემ გადაწყვიტა. Papp – ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვოთ თავისუფალი პარკინგი და სურვილის შემთხვევაში მოვახერხოთ რამდენიმე წთ/სთ-ით ადრე დაჯავშნა. ყველა პარკინგს ექნება განსხვავებული ღირებულება, რომელიც განისაზღვრება დროისა და ადგილის შესაბამისად. სისტემის ასაწყობად გამოყენებულია სმარტ ტექნოლოგიები და შესაბამისად ეს იქნება სრულიად ჭკვიანი სისტემა.
“მართალია ჩვენ დამწყებები ვართ, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა დიდი კომპანიების გამოცდილებიდან ვიხელმძღვანელოთ და გავითვალისწინოთ მათი, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები და ჩვენი სისტემა ვაქციოთ იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერვე შექმნილ მოწყობილობას, რაც, რა თქმა უნდა, თავისხმრივ ხარჯსა და რისკებს შეგვიმცირებს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ეს სისტემა ქუთაისსა და ბათუმშიც დავნერგოთ და ამის შემდგომ უკვე საერთაშორისო დაინტერესებასაც დაველოდებით,” – განმარტავს გუგა.
აღნიშნული სამი სტარტაპის გაცნობაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ინოვაციური ახალი თაობაა საქართველოში და უნივერსიტეტები რამდენად კარგ პირობებს უქმნიან მათ, რომ სტუდენტობიდანვე იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე და საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინონ.