BTU-ს ორგანიზებით ჟან მონეს მოდულის ფარგლებში საზაფხულო სკოლა EU for Energy Security and Renewable Energy ჩატარდა
21 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით BTU-ს ორგანიზებით საზაფხულო სკოლა “ევროპის კავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიისთვის” ჩატარდა. მასში დარგის ექსპერტები და ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში სკოლამ 20 მონაწილეს უმასპინძლა.
საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონია „სათიბეში“ შედგა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში, ლიანა ჯერვალიძეც ესწრებოდა.
საზაფხულო სკოლის მიზანია, მონაწილეებს ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების კონცეფცია და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პოლიტიკა გააცნოს. კერძოდ, მონაწილეებმა განიხილეს ევროპის კავშირის ენერგეტიკის სამართლისა და პოლიტიკის საგარეო ასპექტები და პრაქტიკა, ასევე მწვანე ტრანსფორმაციის ძირითადი ისტორიული განვითარება და მთავარი სამართლებრივი ხელსაწყოები. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპის კავშირის ენერგეტიკის სფეროს საგარეო მმართველობის ტენდენციებს და ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუციურ მოწყობას, აგრეთვე ევროპის კავშირის პრაქტიკასა და კანონმდებლობას განახლებადი ენერგიის სფეროში, რასაც, თავის მხრივ, ეფუძნება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკა და მხარდაჭერის სქემების შემუშავება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაევლოთ პარალელები ენერგეტიკასა და პოლიტიკას შორის; ასევე შეექმნათ წარმოდგენა დარგის ეკონომიკურ კომპონენტზე: ვაჭრობა, მონოპოლიასა და კონკურენციაზე.
„ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის“ (EU-Energy-SSDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.
ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან – ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც პროექტი ფოკუსირდება.
პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავდა 2 ახალი სასწავლო კურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის: “ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა“ და „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა ევროპის კავშირსა და საქართველოში“, რომელთა სწავლებაც წარმატებით ხორციელდება 2022/2023 სასწავლო წლიდან.