BTU-ს მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეები MIT-ში სრული დაფინანსებით მოხვდნენ
- Categories ახალი ამბები
- Date იანვარი 18, 2022
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის I ადგილის მფლობელი თეიმურაზ თოლორაია და ფინალური ეტაპის მონაწილე ანა ონოფრიშვილი, MIT (Massachusetts Institute of Technology)-ში სრული დაფინანსებით მოხვდნენ. თეიმურაზი სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს, ხოლო ანა – მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
კონკურსის მონაწილეები ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. გარდა ამისა:
- თეიმურაზ თოლორაიას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOI) ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ასევე წარმატებით ასპარეზობდა უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შეჯიბრებებზე – Google Code Jam, Facebook Hacker Cup. ამასთან, იგი გახლავთ ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მაქსიმალური ქულით პირველი ადგილის მფლობელი და სხვა;
- საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეზე ანა ონოფრიშვილს მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო – მედალი. იგი არის ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი და სარეიტინგო სიაში, “Hall of Fame”, მეოთხე ადგილს იკავებს. მოპოვებული აქვს ევროპის მათემატიკის თასის (EMC) პირველი პრიზი და პირველი ადგილი – ოქროს მედალი და სხვა.
მათემატიკის ოლიმპიადა არის ყოველწლიური პროექტი და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ჯილდოვდებიან არამხოლოდ აბიტურიენტები, არამედ – მათი პედაგოგებიც, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს მათემატიკისადმი მძლავ ინტერესს და აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, განავითარონ მათემატიკური უნარ-ჩვევები.
მათემატიკის ოლიმპიადა წელსაც საქართველოს მათემატიკოსთა კავშირთან პარტნიორობით გაიმართება და მონაწილეობის მიღება წინასწარ რეგისტრირებულ მოსწავლეებს შეეძლებათ.