BTU-ს კოდინგის სკოლა ქალებისთვის მიღების მეორე ეტაპს აცხადებს
ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება და დასაქმება კოდინგის სკოლის მთავარი მიზანია, რომლის საპასუხოდ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალთა კოდინგის სკოლა დაარსდა.
დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, ქალთა კოდინგის სკოლა აცხადებს მიღების მეორე ეტაპს, სადაც შერჩეული კანდიდატები, აშშ-ს სტრატეგიული ცენტრის, StrategEast-ის მიერ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ აიტი ჰაბში გადამზადდებიან.
გადამზადებაში ჩართული იქნებიან მსოფლიოს მოწინავე საინჟინრო კომპანია EPAM-ის ექსპერტები და უკლებლივ ყველა გადამზადებული კანდიდატი დასაქმდება შესაბამის სფეროში. სფეროები მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას: Frontend დეველოპმენტი, ASP.net დეველოპმენტი, Java დეველოპმენტი, Android აპლიკაციების დეველოპმენტი და QA ინჟინერი.
აიტი ჰაბი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Strategeast შორის გაფორმებული მემორანდუმისა და Epam-თან თანამშრომლობის საფუძველზე ტექნოპარკის ბაზაზე ფორმირდა და მოიცავს როგორც დისტანციურ, ასევე ფიზიკურ ტრენინგებს ქვეყანაში IT ადამიანური კაპიტალის შექმნისა და გაძლიერების მიზნით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ორგანიზაციაა და ქალთა კოდინგის სკოლის ინიციატივით პასუხობს WEPs-ის მე 4 პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობას.
სწავლება წარიმართება დისტანციურად, ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ მითითებულ ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აპრილი.