BTU-ს და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით იტალიური ტექბრენდი CENTRICA-ს მასტერკლასი ჩატარდა
ფლორენციული უფიცის გალერეის გაციფრულების შემდეგ წამყვანი იტალიური ბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასებს იწყებს.
და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ნამუშევრის გაციფრულების ავტორი კომპანია პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს და მათ ახალი ტექნოლოგიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
სფეროს წარმომადგენლების აზრით, კულტურის სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება სექტორს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, BTU-ს და Centrica-ს ერთობლივი პირველი მასტერკლასი, რომელიც TBC კონცეპტის სივრცეში ჩატარდა, მუზეუმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული მუზეუმის, სხვადასხვა გალერეების, ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, ნინო ენუქიძის თქმით, Centrica არის მოწინავე ბრენდი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფილოში, რომელმაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შექმნა ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულებით.
„ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, რადგან ეს არ არის მხოლოდ კულტურისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებისთვის, არამედ მათთვის ვისაც უნდა ახალი ცოდნის მიღება ასეთი ტექნოლოგიებით და გადაწყვეტილებებით. BTU ყოველთვის შეუწყობს ხელს ისეთ ინოვაციებს, რომელსაც Centrica გვთავაზობს,” – აღნიშნავს ნინო ენუქიძე.
იტალიის ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლა იორიომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ვორქშოპი არის შესანიშნავი მაგალითი, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები ამ მიმართულებით და იტალია ყველთვის მხარს დაუჭერს.
ამავდროულად ვებინარზე Centrica–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებლემა დირექტორმა სტუმრებს გამოცდილებაც გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი მხატვრების მიერ შექნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც Centrica–მ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.