BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ის დირექტორის ინტერვიუ
ცოტა ხნის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო პარტნიორი აშშ-ში დაფუძნებული სტრატეგიული ცენტრი StrategEast გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, StrategEast-ის და EPAM-ის მიერ ფორმირებულ აიტი ჰაბში მიმდინარე გადამზადების პროგრამაში BTU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით ჩაერთვებიან და დაეუფლებიან 5 მიმართულებას: Frontend დეველოპმენტი, ASP.net დეველოპმენტი, Java დეველოპმენტი, Android აპლიკაციების დეველოპმენტი და QA ინჟინერი.
StrategEast–ის დირექტორის ანატოლი მოტკინის განმარტებით, პროგრამის გავლის შემდეგ ყველა ბენეფიციარი ცენტრის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. თანამშრომლობის შესახებ უფრო დეტალურად თავად ანატოლი მოტკინი გვესაუბრება.
რას მოიცავს StrategEast–ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობა?
ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს StrategEast-ის და EPAM-ის მიერ ფორმირებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურ შეთავაზებებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. ჩვენი კოლაბორაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის IT Eurasian Forum, რომელიც 15–16 სექტემბერს თბილისში ჩატარდება. მოხარულები ვართ, რომ სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია ჩვენი პარტნიორი აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში.
რატომ არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა თქვენთვის საინტერესო?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტია ტექნოლოგიური და ბიზნეს განათლების მიმართულებით. ის უდიდეს როლს ასრულებს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემისა განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდ გამოწვევაში ერთად ვართ და მიზანს ერთად მივაღწევთ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების დატრენინგების შემდეგ გეგმავთ თუ არა მათ დასაქმებას?
დიახ, ჩვენ მათ სრულ დასაქმებას ვგეგმავთ. ჩვენ მიერ გადამზადებული სტუდენტების ნაწილი დასაქმდებიან EPAM–ში, მათ ნაწილს კი სხვა გავლენიანი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები დაასაქმებენ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოში?
ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და ერთად განვახორციელოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ–ერთი მთავარი სექტორია. ჩვენ ჭეშმარიტად გვჯერა, რომ საქართველოს ინტელექტუალური კაპიტალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, რითაც საქართველოს მსოფლიოში იცნობენ. ჩვენი მისიაა, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა მოვუტანოთ ქვეყანას ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებით, არამედ დავეხმაროთ მას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, უმცირესობების უფლებები და სხვა აქტუალური საკითხები.