BTU პირველკურსელი მაგისტრანტებისთვის პერსონალურ ციფრულ პორტფოლიოებს ქმნის
BTU-ში პირველკურსელი მაგისტრანტებისთვის განსაკუთრებული სამზადისი უკვე დაწყებულია. უნივერსიტეტის პირველკურსელისთვის პერსონალური ციფრული პორტფოლიო შეიქმნება. პორტფოლიოს შესაქმნელად თითოეული მაგისტრანტისთვის იგეგმება ინდივიდუალური ფოტოსესია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები მათ ეფექტური სამოტივაციო წერილისა და სივის მომზადებაში ასისტირებას გაუწევენ. სტუდენტის მიერ მიღებული სამუშაო გამოცდილება შესაბამისად წარმოჩინდება ციფრული ვიზუალიზაციის სახით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი მაგისტრანტებს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებსა და ადამიანებთან ნეთვორქინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება.
მაგისტრანტებისთვის პერსონალური ციფრული პორტფოლიოების შექმნა საქართველოში უპრეცედენტო პრაქტიკაა, თუმცა ეს მიღებული წესია მსოფლიოს მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით, აშშ-ში. პერსონალური ციფრული პორტფოლიო დასაქმების ბაზარზე პოზიციონირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პირველკურსელისთვის, რომელიც კარიერული განვითარების საწყის ეტაპზეა.
როგორც BTU-ში განმარტავენ, პერსონალური ციფრული პორტფოლიოს შესაქმნელად უკვე მზად არის სამუშაო გეგმა. მასში ჩართულია მარკეტერების, ფოტოგრაფებისა და დიზაინერების გუნდი, ფაკულტეტი და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელების ჯგუფები. პროექტის ეფექტურად განხორციელებაში მონაწილეობას კარიერული განვითარებისა და მეწარმეობის ცენტრებიც იღებენ.
BTU-ში სამაგისტრო საფეხურზე ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. პერსონალური ციფრული პორტფოლიო თითოეული რეგისტრირებული კანდიდატისთვის შეიქმნება.