BTU-მ გლობალური სტარტაპ ფონდის მასშტაბური სამიტი გამართა
სტარტაპებისთვის, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ანგელოზი ინვესტორებისთვის და ინოვაციების სფეროთი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი გაიმართა.
31 მაისს, სამიტმა გააერთიანა სტარტაპ კონკურსი, ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაცია, პანელური დისკუსია და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის Keynote გამოსვლა.
ჰილა ოვილ ბრენერი, სამიტის მოწვეული სტუმარია, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის, არის სერიული ანტრეპრენერი, 70-ზე მეტი სტარტაპის ინვესტორი, ისრაელის მოწინავე აქსელერატორის, ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელი და მენტორი. ბრენერთან შესახვედრად და სტარტაპების წარსადგენად, შეირჩა ქვეყნის მოწინავე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი სტარტაპები. ფიჩინგის სესიას აგრეთვე დაესწრნენ ინვესტორები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებიდან. ანგელოზ ინვესტორებთან შეხვედრა ღონისძიების დახურულ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობაა.
სამიტზე აგრეთვე ჩატარდა სტუდენტური სტარტაპების კონკურსის ფინალი, სადაც გამარჯვებულმა 5,000 ლარი ადრეული დაფინანსების სახით მიიღო. კონკურსში მონაწილეობა BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტურმა სტარტაპმა მიიღო, რომელმაც შესარჩევი ეტაპი და მოსამზადებელი Bootcamp-ი გაიარა.
სამიტის დასასრულს, გაიმართა მსოფლიო ბესტსელერი წიგნის, “Venture Deals – ვენჩურული გარიგებების”-ის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც ბთუ-ს ინიციატივითა და დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა. წიგნი ასახავს სტარტაპებისა და მეწარმეობის სირთულეებს დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში და ასწავლის ტექნოლოგიურ კომპანიას, ინვესტორთან ურთიერთობის სტრატეგიებს.
გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა. გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება იქნა მოზიდული სტარტაპებს შორის.