BTU და Westminster-ის უნივერსიტეტი კრეატიული ინდუსტრიებისთვის ინოვაციურ პროექტებს იწყებენ
კრეატიული ტექნოლოგიების ფესტივალი, კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით დაგეგმილი კვლევები ქართულ და ბრიტანულ მხარეს შორის, სექტორში არსებული სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა და სტარტაპ ექსპოს ორგანიზება, ბიზნეს აქსელერატორი კრეატიული სტარტაპებისთვის, პროექტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კოლაბორაცია EduCo-სთან, ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის საინტერესო სივრცეებში ტექნოლოგიების ინტეგრაციის და სხვა ერთობლივი პროექტების წარმოებისთვის – თითოეული ეს პროექტი BTU-ს ინიციატივით Westminster-ის უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში მოხდება კრეატიული ინდუსტრიის როლის გასაზღვრა ეკონომიკაში. BTU აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში და მოახდენს კრეატიული ინდუსტრიის საჭიროებებისა და გამოწვევების ადვოკატირებას, ასევე სახელმწიფო და სხვა გავლენიან ორგანიზაციებთან სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ლობირებას. საბოლოო მიზანი კი ეკონომიკაში კრეატიული ინდუსტრიის როლის განსაზღვრაა. ამ დრომდე აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში მსჯელობა არ ყოფილა. ჩატარებული კვლევები კი უნივერსიტეტს დაეხმარება, რომ ნათლად დაასაბუთოს, თუ რამდენად დიდია კრეატიული ინდუსტრიის როლი ეკონომიკაში.
კრეატიული ინდუსტრიისა და ეკონომიკაში მისი როლის შესახებ მოხდება სპეციალური დოკუმენტების მომზადებაც. აღნიშნულ დოკუმენტში თავს მოიყრის ინფორმაცია და ანალიზი, რომელიც BTU-ს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაგროვდება. საბოლოოდ კი მოხდება ადვოკატირება იმისა, რომ კრეატიული ტექნოლოგიები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით BTU-ს პარტნიორები არიან Westminster–ის უნივერსიტეტი, პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“.
BTU-ს ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება Centrica–ს ვორქშოპი საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება. პროექტის მიზანია, მუზეუმის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს გააცნონ შესაძლებლობები, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მათ შეუძლიათ გამოიყენონ. ვორქშოპის დროს შემდეგი საკითხების განხილვა მოხდება: 2D/3D დიგიტალიზაცია, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, AR/VR/MR, სპეციალიზირებული მობილური აპლიკაციები, ფიზიკურ შეგრძნებებზე დაფუძნებული ინტერაქციული ტექნოლოგიები სამუზეუმო სივრცეებისთვის. ვორქშოპი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებში შემავალი ყველა მუზეუმისთვის გაიმართება.
BTU-ს, Westminster–ის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება ჰაკათონი, რომლის ფარგლებშიც ციფრული პროდუქტები შეიქმნება.
მენტორინგის და აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის, რომლებიც კრეატიულ ინდუსტრიას წარმოადგენენ. მონაწილე სტარტაპები მენტორების მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებენ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება კრეატიული ტექნოლოგიების ფესტივალი. ღონისძიების ფარგლებში დიზაინერები და დეველოპერები შექმნიან მუზეუმებისთვის სხვადასხვა პროდუქების დემო ვერსიებს. თითოეული მონაწილე გუნდი დემო დღეს საკუთარი პროდუქტის პროტოტიპს ჟიურის წარუდგენს. გამარჯვებულს კი Westminster და BTU იდეის განხორციელების შესაძლებლობას მისცემენ ბრიტანული საბჭოს ჩართულობით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, არის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელი სტარტაპების გამოფენა. ამ მიმართულებით BTU-ს პარტნიორია Educo, რომელიც ხელოვნების მენეჯმენტის სტარტაპია. Educo–ს საქმიანობის მთავარი მიზანი ინოვაციური ხელოვნებისა და ციფრული კულტურის განვითარებაა საქართველოში.