BTU ბესტსელერ წიგნს Venture Deals: Be Smarter Than Your Lawyer and Venture Capitalist – ქართულ ენაზე გამოსცემს
როგორ ხდება გარიგებები, როდესაც საქმე სარისკო კაპიტალს ეხება? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც სვამს ახალი მეწარმეების ყოველი თაობა. რამდენადაც ბევრი მეწარმე ჩნდება ყოველ წელს, მით უფრო იზრდება ინტერესი იმის შესახებ, თუ რა არის სარისკო კაპიტალი და როგორ უნდა დაიდოს გარიგებები მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის. მიუხედავად ამისა, სანდო ინფორმაციის მოპოვება ამ თემის ირგვლივ არც ისე იოლია. ეს პრობლემა არავის ესმის უფრო კარგად, ვიდრე ავტორებს – ბრედ ფელდსა და ჯეისონ მენდელსონს. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი ჩართულნი არიან ასობით სარისკო კაპიტალის დაფინანსებაში და პარალელურად, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ყველას, ვისაც ეს თემა ოდნავ მაინც აინტერესებს ან სჭირდება.
გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მათი წიგნი, Venture Deals: Be Smarter Than Your Lawyer and Venture Capitalist. წიგნი მიმზიდველ და ინფორმაციულ ლიტერატურას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეწარმეობა აინტერესებს ან ამ საქმით დაკავებულია. ეს საიმედო რესურსი ოსტატურად ასახავს სარისკო კაპიტალის არსებით ელემენტებს. ის გვაძლევს დაბალანსებულ ხედვას, გარიგების მიღწევის სტრატეგიებს, გვიჩვენებს პერსპექტივებს პროცესის სხვადასხვა მონაწილის მხრიდან და განიხილავს, თუ როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა. ამასთან, წიგნი ასახავს სტარტაპებისა და მეწარმეობის სირთულეებს დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში.
ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი არიან ადრეული ეტაპის ინვესტორები და სარისკო კაპიტალის ფონდის Foundry Group-ის დამფუძნებლები. ორივეს აქვს დიდი გამოცდილება სარისკო კაპიტალთან მიმართებით და ეს გამოცდილება მათ ხელმისაწვდომი გახადეს წიგნით, რომელიც მეოთხე გამოცემაც უკვე გამოსულია. წიგნი იკვლევს დაფინანსების სხვადასხვა ეტაპს, აღწერს ინვესტორების მრავალ ტიპს და დეტალურად გადის ვადებს, რომლებიც ამ პროცესებში მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია, ასეთი ლიტერატურა ადვილად მოპოვებადი და ხელმისაწვდომი იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესი და მეწარმეობა აინტერესებს. განათლების სფეროში ამგვარი ლიტერატურის ინტეგრირება ცალსახად დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდების ცოდნის გაფართოებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU ერთ-ერთი იმ უნივერსიტეტთაგანია, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ საჭიროებებს და ფიქრობს, რა შესთავაზოს თანამედროვე მეწარმეებს, სტუდენტებს, არასტუდენტებს ისეთი, რითაც ისინი თავიანთი ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ. ის აცნობიერებს ბიზნესლიტერატურის მნიშვნელობას და ამ მიზეზით რამდენიმე წიგნის ადაპტირებაზე მუშაობს, რომლებიც საკმაოდ მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბიზნესლიტერატურაში. მათ შორისაა: Strategic Market Management, 11th Edition, „გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“ და წიგნი, რომელზე საუბრითაც სტატია დავიწყეთ, Venture Deals.
„ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ რეკომენდაცია ჩვენმა პარტნიორებმა MIT-ის Martin Trust Center-დან მოგვცეს. Martin Trust Center არის ინოვაციური ქსელი MIT-ში, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ სტარტაპებს, სასწავლო კურსებს, ინვესტორებს, აქსელერატორს და ა.შ. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, Venture Deals ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ვენჩურული ფონდების და მათთან გარიგებების შესახებ. როგორც იცით, BTU აქტიურად ზრუნავს სტარტაპ ეკოსისტემისთვის განახლებული მასალების მიწოდებაზე. აღნიშნული წიგნის თარგმნაც სწორედ ამ მისიის ნაწილია.
ქართულ რეალობაში, განსაკუთრებით ბიზნესლიტერატურაში, სახელმძღვანელოებისა და მასალების სიმცირეა. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი წიგნებისა თუ ნაშრომების თარგმნა ეკოსისტემის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – თამარ ჯაფარიძე, BTU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი.
წიგნის გამოცემა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად, წიგნის მაღაზიებში, ისე ონლაინ. BTU-ს პარტნიორობას უწევს „პალიტრა L-ის” პროექტი ლურჯი ოკეანე. როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, მისი გარკვეული კომპონენტები გახდება სამაგისტრო საფეხურის კურსის „ინოვაცია და სამეწარმეო უპირატესობა“ სასწავლო მასალების ნაწილი. წიგნის გაცნობის შემდეგ ბევრი ისწავლის, თუ როგორ შეუძლიათ სტარტაპების დამფუძნებლებმა იპოვონ შესაფერისი კომპანიები, როგორ გაუკეთონ მათ პრეზენტაციები და როგორ მიიღონ ფული.