BTU AI-ს მხარდაჭერას გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი უცხადებს
ჰააგაში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განათლებასა და სხვა მოწინავე სექტორებში დანერგვას მხარი დაუჭირა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ. ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების პროცესში შესაბამისი გადაწყვეტილებების დანერგვა და ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამოქმედება ის საკითხებია, რომელსაც BTU საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განახორციელებს.
,,მისასალმებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა აკადემიური სფეროდან მოდის. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე სასიკეთო იქნება, როგორც მისი უსაფრთხოებაში, ჯანდაცვასა და სხვა სექტორებში ეტაპობრივი დანერგვა. ამ მიზნისთვის, BTU-ში არსებული ბაზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,’’ – განაცხადა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ.
ინიციატივის განხორციელების მხარდამჭერია ბიზნეს ასოციაცია AI Georgia, რომელიც მსხვილ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელთან ერთად, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს სექტორში ინტეგრირების და მისი შესაძლებლობების ზრდისთვის ქვეყანაში.