ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, ბიოტექნოლოგიების კვირეული გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიების კვირეული დასრულდა. ღონისძიებამ, რომელმაც სტარტი 16 ივნისს აიღო, წარმატებით ჩაიარა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოხატული ინტერესისა თუ მოხსენებების, მასტერკლასების მრავალფეროვნებისა და დინამიურობის თვალსაზრისით.
კვირეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მისი პარტნიორი კი, კარლ ცაისის (CARL ZEISS AG) კავკასიის წარმომადგენლობა იყო. აღსანიშნავია, რომ კარლ ცაისი (CARL ZEISS AG) უძველესი კომპანიაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი, სამედიცინო, ბიოტექნლოგიებისა და ასტროლოგიის მიმართულებით. ცაისის სახელს უამრავი ინოვაციური მიღწევა უკავშირდება. მათ შორის, უმაღლესი ხარისხის ოპტიკა (ZEISS), რომელიც მიკროსკოპიაში, ურთულეს სამედიცინო, სამეცნიერო და ასტროლოგიურ ხელსაწყოებში გამოიყენება. პირველი ხომალდის მთვარეზე გაფრენაშიც, აგრეთვე, ცაისი მონაწილეობდა. იგი არის პლანეტარიუმის გამომგონებელიც. აღსანიშნავია, რომ კარლ ცაისის კომპანიის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს ფონდიც, რომლის მთავარი მისია მეცნიერების განვითარებაა და ამისათვის, კომპანიის შემოსავლის თითქმის 40%-ს ფონდში ირიცხება, რომელიც სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას ხმარდება.
კვირეულის სამიზნე ჯგუფები მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები, მკვლევარები და ბიოტექნოლიგიების სფეროში მოღვაწე, თუ ჩართვის მსურველი სტარტაპერები იყვნენ. მათთვის გამართული ვორკშოპები, მასტერკლასები და ლექციები დარგში მოღვაწე წამყვანმა ქართველმა მეცნიერებმა მოამზადეს, მათი მოხსენებები უხვად იყო გაჯერებული ვიზუალურ-პრაქტიკული სანახაობითა და მაგალითებით.
მომხსენებელ მეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის იყვნენ კარლ ცაისის ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ლომუაშვილი საჯარო ლექციით ,,კარლ ცაისი – ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიების ლიდერი”; სპეციალისტი უჯრედულ / ქსოვილურ ბიოლოგიაში, თანამედროვე მიკროსკოპიის ტექნოლოგიებისა და ბიო-სტრუქტურების 3D / 4D ციფრული გამოსახულების აღიარებული ექსპერტი პავლე ჭელიძე მასტერკლასებით ,,ციფრული ოპტიკა: კოსმოსიდან ცალკეულ მოლეკულამდე” და “ინტელექტუალური სურათები: სივრცესა და დროში აღბეჭდილი სიცოცხლე”; ნეირობიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურისა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მზია ჟვანია თემებით ,,ნანოტექნოლოგიების საფუძვლები” და ,,ნანოტექნოლოგიები ბიოლოგიასა და მედიცინაში’’ და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბიოტექნოლოგიების კვირეული საქართველოში პირველად ჩატარდა. როგორც ორგანიზატორ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე ამბობს, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ პროცესში ისაა, რომ კვირეულზე, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების წინაშე, ის ქართველი მეცნიერები წარსდგნენ, რომელთაც მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
„ბიოტექნოლოგიები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად საინტერესო სფეროა, ვინაიდან, გლობალურად, ინოვაციურ ეკოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია, რომელშიც იზრდება დაფინანსების, ვენჩურული ინვესტიციებისა და დასაქმებულთა რაოდენობა. საბოლოო ჯამში, წარმოგვიდგენია, რომ იგი გლობალურად იმ ინდუსტრიების სამეულში გადაინაცვლებს, რომელიც სწრაფად გაიზრდება და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი იქნება.
„ბიოტექნოლოგიების მნიშვნელობა, პანდემიის ფონზე, ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა. მსოფლიოში, დაახლოებით, 10 000 დაავადება არსებობს და მათგან მხოლოდ 500 იმართება და იკურნება მედიკამენტის ჩართულობით. დანარჩენი ჯერ კიდევ გამოუკვლევია. დაავადებები კი ერთი ძალიან პატარა მიმართულებაა იმის, რასაც ბიოტექნოლოგია ფარავს. დღეს ეს დარგი ეხება აგრარულ სფეროს, სოფლის მეურნეობას, ფარმაკოლოგიას, ბიო-მეგა მონაცემების დამუშავებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ნანო ტექნოლოგიებს, სინთეტიკურ ბიოლოგიას, რომელიც მომავლის სფეროდ მოიაზრება და ა.შ. მოკლედ, ეს სფერო უსაზღვროა და ვინაიდან ტექნოლოგიური კომპონენტი ბიოლოგიაში ძალიან აქტიურად შემოვიდა, BTU-ს ყურადღებაც ამან მიიპყრო“, – აღნიშნავს BTU-ის რექტორი ნინო ენუქიძე.
მისივე თქმით, ეს მეორე ღონისძიებაა, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ ფიზიკურ გარემოში ჩატარდა. რა თქმა უნდა, რეგულაციების სრული დაცვით – „სიმართლე გითხრათ, ძალიან ვფრთხილობთ, ორი წლის განმავლობაში მეორე ღონისძიება BTU-სთვის, ძალიან უჩვეულო მდგომარეობაა, რადგან დღეში 4-5 ღონისძიებას ვატარებდით ხოლმე. იმის ფონზე, რომ პანდემიაა, კვირეულს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და ეს ძალიან გვახარებს“, – დასძენს რექტორი.
ჩვენთან საუბარში იგი იმასაც აცხადებს, რომ ახალგაზრდების დაინტერესება ბიოტექნოლოგიების სფეროსა და თავად BTU-სადმიც სულ უფრო იზრდება და მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის თვალსაზრისით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რადგან თითოეულ პროგრამაზე იმაზე გაცილებით მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, ვიდრე წინა წლებში.
დოქტორი ლილი ნადარაია, რომელიც ნანოტექნოლოგიების, ნანომასალებისა და ელექტრონული მიკროსკოპიის სპეციალისტია, კვირეულის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მისი გამოსვლა მიკრობიოლოგიაში მიკროსკოპიის მნიშვნელობას შეეხებოდა – „ელექტრონული მიკროსკოპია და მიკროსამყარო ჩვენს გარშემო“ – ასე ერქვა მოხსენებას, რომელიც მან წაიკითხა და იქ მყოფებისთვის მაგალითების სახით წარმოადგინა თუ როგორ გამოიყურებიან ჩვენთვის ნაცნობი ობიექტები ათი და ასი ათასჯერ გადიდების შემთხვევაში.
„ჩემი მოხსენება მოსწავლეებზე იყო გათვლილი. ვეცადე მათი ინტერესი გამეღვივებინა, მეჩვენებინა რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია ის, რასაც თვალით ვერ ვხედავთ. ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რომ სფეროსადმი დაინტერესება გაიზარდოს და აქ მომუშავე ახალი კონტიგენტი გააჩინოს, ცალსახად დიდია. ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და საქართველოში მეტად უნდა განვითარდეს. პანდემიამ მისი მნიშვნელოვნება კიდევ უფრო წარმოაჩინა და დაგვანახა, რომ მეტი გვქონია სამუშაო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა ისეთი, რაც არ ვიცით და შესასწავლია“, – განაცხადა ლილი ნადარაიამ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვირეულს სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული მოსწავლეების გარდა, ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სტარტაპების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანია თემო რუხაია, რომელიც კომპანია „ბაიოქიურის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. კომპანია ბიოტექნოლოგიების გამოყენებით ნავთობდაბინძურების წმენდითაა დაკავებული. იგი კვირეულს რამდენიმე მიზეზით ესწრებოდა და ამბობს, რომ მისი მოლოდინები აბსოლუტურად გამართლდა.
„საქართველოსავით პატარა, განვითარებადი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი ერთმანეთს იცნობდეს. ზუსტად ისაა მთავარი, რომ აქ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, გამოცდილება გავუზიარეთ და მოსაზრებები გავცვალეთ. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც გადავეცით ის გამოცდილება, რაც გვაქვს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მხრივ.
„ლექციები და მასტერკლასები საკმაოდ ინფორმაციული იყო. სტარტაპებს, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დიდად დაეხმარება, რადგან ინფორმაციის პირველადი წყაროა, უკვე გამოცდილებაზე დაფუძნებული და სწრაფი დასაწყისისთვის მათ მუხტს მისცემს. აღარ მოუწევთ ძებნა, როცა ეს ყველაფერი უკვე ნახეს და მოისმინეს, გაიცნეს ადამიანები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამისთვის მეც ნებისმიერ დროს მზად ვარ“, – აღნიშნავს „ბაიოქიურის“ ხელმძღვანელი თემო რუხაია.
კვირეულს, რომელიც საქართველოსთვის პირველი იყო, ჯამში, რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო