ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ინიციატივა 5.0“ დაიწყო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) 28 ივნისს სტარტი აიღო საერთაშორისო კონფერენციამ „ინიციატივა 5.0“. მასში მონაწილეობას BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები იღებენ.
რამდენიმედღიანი კონფერენცია შემდეგ თემატურ პანელებს მოიცავს: ციფრული ეკონომიკა, მწვანე ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები, სამართლის ტექნოლოგიები, განათლების ტექნოლოგიები, მედიატექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება, კულტურის ტექნოლოგიები და ქალები ტექნოლოგიებში. ბოლო დღე კი ონლაინკონფერენციას მიეძღვნება, რომელზეც უნივერსიტეტის უცხოელი პარტნიორები მოხსენებებს წარმოდგენილი კვლევების შედეგების შესახებ გააკეთებენ და რომლის პარტნიორიც ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიური კონსორციუმია.
ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიება მიზნად ისახავს უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას უწყობს ხელს.
კონფერენციაზე ყველაზე დიდი თემატური პანელი ციფრული ეკონომიკის მიმართულებას ეთმობა, რომლითაც იგი გაიხსნა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია ამბობს, რომ სამიზნე აუდიტორიას მკვლევარები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეები და ტექნოლიგიური კომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც ტექნოლოგიური ტიპის კვლევებით არიან დაინტერესებულნი.
„ჩვენ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ახალი სამეცნიერო ჟურნალის ფორმირებაც გვაქვს დაანონსებული. გვინდა, რომ ამ პუბლიკაციებით ქართველი მეცნიერების ტექნოლოგიების ნაწილი, მათ შორის ციტირების ინდექსი გავზარდოთ. კონფერენციით დაინტერესება ძალიან დიდია. გარდა ადგილზე დამსწრე საზოგადოებისა, მას თვალს ონლაინ ეთერითაც ადევნებენ. ვფიქრობთ, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით მას ბევრი ადამიანი დააკვირდება, დასვამს შესაბამის შეკითხვას და მიიღებს ამომწურავ პასუხს. მგონია, რომ ტექნოლოგიები ამ ქვეყნის მომავალია, მათ შორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით“, – განაცხადა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ.
ციფრული ეკონომიკის პანელის მოდერატორი და ერთ-ერთი მომხსენებელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაიაა, რომელმაც წარადგინა კვლევა სახელწოდებით „ფინტექ ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში“. ფინტექი დაფინასების ახალი წყაროების გაჩენას გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. როგორც პროფესორი ჭარაია ჩვენთან საუბარში განმარტავს, მარტივი ახსნით ეს, ბიზნეს სექტორისთვის, ბანკიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებიდან გარკვეული სერვისების ონლაინ მიღებას გულისხმობს.
„სამწუხაროდ, ბიზნესსექტორს სესხის ონლაინ აღების, თუ თავიანთი გარკვეული მახასიათებლების გამარტივებული გზით ბანკისთვის წარდგენის შესაძლებლობები ნაკლებად აქვს. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დღეს საფინანსო სექტორის განუვითარებლობიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის ფინანსური რესურსის მოძიება ჭირს. ამის დანერგვასა და განვითარებაზე გვაქვს დღეს საუბარი, რაც ეროვნული ბანკის, პარლამენტის, მთავრობისა და საფინანსო სექტორის ერთობლივი გასაკეთებელია. იქ, სადაც ეს დაინერგა, ძალიან კარგად უწყობს ხელს ბიზნესისა და საფინანსო სექტორის განვითარებას“ , – აცხადებს ვახტანგ ჭარაია და დასძენს, რომ კონფერენციაზე ყველა მხარეა წარმოდგენილი, ვინც აღნიშნული მიმართულების წინსვლაზეა პასუხისმგებელი და ასევე, ვისაც ცვლილებები შეიძლება შეეხოს – სახელმწიფო ინსტიტუტების, საფინანსო სექტორისა თუ საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია და ცვლილებების დასაწყებად ერთდროულადაა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებიც, პოლიტიკური ნებაც, ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსიცა და შესაბამისი კადრების გადამზადებაც.
პროგრესის მისაღწევად სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა რომაა საჭირო ამას, კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეც ადასტურებს და დასძენს, რომ ციფრულ ეკონომიკაზე დისკუსია მნიშვნელოვნად დაეხმარება დარგის მოთამაშეებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს იმაში, რომ თავიანთი მოსაზრებები, ინიციატივები სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაწოდონ.
„ციფრული ეკონომიკის განვითარება ქართული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ფუნდამენტია და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული სტარტაპების ტექნოლოგიური პროდუქტი გლობალური მასშტაბით გაიყიდა. ეს მაგალითები იძლევა იმის რწმენას, რომ საქართველოში გლობალური პროდუქტის წარმოება, რომლითაც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები მსოფლიო ბაზარზე იქნებიან წარმოდგენილნი, შესაძლებელია. ამის საწყისია მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა რაც შეიძლება მეტს მიუწვდებოდეს ხელი სერვისებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად ხელმისაწვდომია. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები მთავრობის მხრიდან შემდეგ წლებში. ეს კონფერენცია კი, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობას იძლევა, რათა დავინახოთ რა პრობლემებია და როგორ შეიძლება მათი მოგვარება“, – აღნიშნავს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.
კონფერენცია „ინიციატივა 5.0“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 2 ივლისს დასრულდება