ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ლაბორატორია იხსნება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგორესურსების (Renewable Energy Resources Laboratory) ლაბორატორია RES LAB იხსნება.
აღნიშნულ სივრცეში აქტიურად დაიწყება მუშაობა განახლებად ენერგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩატარდება კვლევები, გაიმართება სამუშაო შეხვედრები.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ლაბორატორიის შექმნის მთავარი მიზანი არის გამოავლინოს გამოწვევები, რომელთა გარშემოც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ენერგო სექტორის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს შორის და დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სემეკის საბჭოს წევრი, მაია მელიქიძის განმარტებით, ამის შემდეგ ენერგო სექტორის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება და სფეროს განვითარების მეტი პერსპექტივა მიეცემა.
„ლაბორატორია იქნება ერთგვარი ხიდი სამეცნიერო საქმიანობას, კერძო სექტორს, სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმ აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ, რაც გადამწყვეტია, არსებითია დღევანდელი საქართველოსა თუ რეგიონის მოცემულობაში. შედეგად ჩამოყალიბდება განვითარების უფრო ხელშესახები გეგმა და გვექნება უკეთესი მიღწევები. საბოლოოდ ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ენერგოსექტორის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით განვითარებაზე,“ – აცხადებს მაია მელიქიძე.
განახლებადი ენერგორესურსების ლაბორატორიის საქმიანობაში ჩართვით უკვე დაინტერესდნენ კერძო კომპანიები, ენერგო ომბუცმენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ლაბორატორიის შექმნადე ცოტა ხნით ადრე კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში ამავე თემაზე შექმნილი წიგნის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის ავტორები მაია მელიქიძე და დემურ ჩომახიძე არიან. მაია მელიქიძე, რომელიც ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელია, უნივერსიტეტის ფარგლებში უკვე აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიების კვლევაზე. ლაბორატორიის შექმნით კი უნივერსიტეტისა და მისი საქმიანობა უფრო ღრმა და ეფექტური გახდება.