ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა წარმატებით დაასრულა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების ინიციატივა UNESCO-ს – ,,ინფორმაცია ყველასათვის“ პროგრამის ფარგლებში
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დასრულდა BTU-ის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – “Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia”, რომელიც მონაწილეთა ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული უნარების გაზრდას ისახავდა მიზნად.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩა 60 მონაწილე და გადამზადდა ტექ. ინგლისურის, ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით. 6 თვიანი სასწავლო და პრაქტიკული კურსის ფარგლებში, დარგის ექსპერტებმა, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებთ, მიმოიხილეს საჭირო ციფრული პროდუქტები, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, გააზიარეს სასწავლო რესურსები და მონაწილეებთან ერთად (პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში) განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენების უნარები.
პროექტის დასრულების შემდგომ, საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა პროექტის კურსდამთავრებულთა ქსელი – Alumni community, რომლის პლატფორმაც საშუალებას
მისცემს მონაწილეებს კვლავაც განაგრძონ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, შეინარჩუნონ აქტიური კომუნიკაცია პროექტს მიღმა.
აღნიშნული ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კვლავ განაგრძობს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიებში და ხელს უწყობს მათ მზაობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.