ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დასაქმების მსურველების გადამზადება დაიწყო
საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო.
პირველ ეტაპზე გადამზადდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში დარეგისტირიებული 50 ბენეფიციარი. გადამზადების მიზანია დასაქმების მსურველმა ბენეფიციარებმა შეძლონ დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე დარეგისტრირება და სასურველი სამუშაოს მოძიება. ბენეფიციარები ასევე გადამზადდებიან სოციალური მარკეტინგის მიმართულებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება. გადამზადების პროცესი უფასოა და ის ხელმისაწვდომია დასაქმების ბაზაში დარეგისტირებული ბენეფიციარებისთვის.
ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიო ინტერნეტიზაციის პირობებში დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე დისტანციურ დასაქმების მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა დასაქმების საერთაშორისო პლატორმაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დასაქმების პორტალს აერთიანებს და სადაც ყოველდღიურად 10 მილიონ სამუშო ადგილზე ფიქსირდება მოთხოვნა.