ამერიკის სამხედრო კოლეჯის Citadel-ის სტუდენტები უსაფრთხოების მიმართულებით BTU-ში გადამზადდებიან
უამრავი ქართველი აშშ-ში სწავლაზე ოცნებობს და მათი ნაწილი ამ ოცნებას ისრულებს კიდეც. ამერიკული განათლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად ფასდება და სწორედ ამიტომაც მიისწრაფიან ახალგაზრდები აშშ-ში სწავლისკენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის მიმართულებები, რომლებიც საქართველოშიც ძალიან ძლიერია და ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები სწორედ აქ ჩამოდიან გადასამზადებლად.
Citadel მსოფლიოს მოწინავე სამხედრო კოლეჯია, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს და რომლის სტუდენტები უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადების სპეციალურ კურსს საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაივლიან. სტუდენტებისა და პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი BTU-ს 2019 წლის ზაფხულში ეწვევა და ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გადამზადებას ერთი თვის განმავლობაში გაივლიან.
უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა და სილიკონ ველის გარშემო შექმნილი ეკოსისტემა – ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ციტადელმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა.
Citadel-ის სამხედრო კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა. კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ფორბსის“ სარეიტინგო სისტემების მიხედვით ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან ლიდერებს შორისაა სამხედრო სწავლების მიმართულებით.