
ახალი შეთანხმება სადოქტორო პროგრამის ფარგლებში BTU-სა და Bar-Ilan University-ს შორის.
2025 წლის 1 ივლისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ისრაელის და საქართველოს უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის დაწყებული ახალი თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა.
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და ბარ-ილანის უნივერსიტეტს (Bar-Ilan University, ისრაელი) შორის, ათასწლეულის ფონდის პარტნიორობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) ასოციაციის მონაწილეობით. აღნიშნული ინიციატივა შემუშავდა როგორც აკადემიური განათლების გაძლიერების, ისე კვლევისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით და ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
პროგრამა განკუთვნილია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის საერთაშორისო მასშტაბის კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობის შექმნას. სტუდენტები იმუშავებენ წამყვანი მეცნიერების მენტორობით და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით იმგვარ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე ბიზნესგარემოში რეალურ გამოწვევებს წარმოადგენს.
ბარ-ილანის უნივერსიტეტი (Bar-Ilan University) ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა ისრაელში, რომელიც გამოირჩევა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული დარგების შერწყმით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი კვლევითი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო აღიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნეირომეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება, ინჟინერია, ბიოტექნოლოგია და სოციალურ მეცნიერებები. ბარ-ილანის უნივერსიტეტი რეგულარულად იკავებს მოწინავე ადგილებს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის QS და Times Higher Education-ის მიხედვით, და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორივე უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ აკადემიურ ხარისხს – როგორც BTU-ს, ასევე ბარ-ილანის უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და სტუდენტისთვის უფასოა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ მულტიდისციპლინურ კვლევით პროექტებში, იმუშაონ ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიულ პარტნიორებთან, შეისწავლონ და გააანალიზონ თანამედროვე ბიზნესგარემოში არსებული პრაქტიკული და სტრატეგიული გამოწვევები და განავითარონ გადაწყვეტილებების მიღების უნარები რეალურ ორგანიზაციულ კონტექსტში.
მიღების პროცედურა:
I ეტაპი – რეგისტრაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე:
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.
II ეტაპი – ბარ-ილანის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია, BTU-ში ჩარიცხვის შემდეგ:
იხილეთ განაცხადის პროცედურა ბარ-ილანის ვებგვერდზე