ახალი შესაძლებლობები დასაქმების მსურველებს
საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ. ამ მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა. კერძოდ, მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე არსებული სამუშაო ადგილების შეთავაზება.
ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიო ინტერნეტიზაციის პირობებში დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე დისტანციურ დასაქმების მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა დასაქმების საერთაშორისო პლატორმაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დასაქმების პორტალს აერთიანებს და სადაც ყოველდღიურად 10 მილიონ სამუშო ადგილზე ფიქსირდება მოთხოვნა.
ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაეხმარება მსოფლიო დასაქმების პლატფორმაზე დაფიქსირებული დისტანციური სამუშაოს მოძიებასა და შესრულებაში, ასევე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში.
აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ასევე მსოფლიოში მზარდი ტემპით ვითარდება და მას მომავილის ეკონომიკას უწოდებენ.