AI4GLOBE ინიციატივა – საქართველოდან მსოფლიოში
AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც გლობალურად, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდას ისახავს მიზნად. პროექტი მნიშვნელოვანწილად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ქმნის ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს.
უნიკალური და ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო აქტივობებით, საერთაშორისო პარტნიორებით, მულტიმედია და სხვა რესურსებით, ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ქალებისთვის და ინტეგრირდება აკადემიურ სივრცესა და კერძო სექტორში.
პროექტი პირველ ეტაპზე საქართველოში განხორციელდება, შემდგომში კი გაზიარდება და გავრცელდება საერთაშორისო სივრცეში.
AI4GLOBE – ის 4 მიზნობრივი ჯგუფია:
1. ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთათვის შეიქმნება AI წიგნიერებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსები, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, სასკოლო საინფორმაციო შეხვედრები და ინოვაციების ბანაკები, იდეათონები და კონკურსები. მომზადდებიან და გადამზადდებიან მასწავლებლები და მშობლები/მეურვეები. ფართო თემატიკა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და გამოწვევებს, კიბერჰიგიენას და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის პრაქტიკებს. AI4Globe პროექტის ბავშვებისა და ახალგაზრდების კომპონენტის მხარდამჭერია UNICEF Georgia.
2. ქალები, რომლებიც გადამზადდებიან ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პროგრამირების, ტექნოლოგიურ სფეროში კარიერული წინსვლის მიმართულებით. აღნიშნული კომპონენტის მონაწილეთათვის ჩატარდება ჰიბრიდული ტრენინგები სხვადასხვა რეგიონებში, შეიქმნება პოდკასტების სერია, ჩამოყალიბდება AI სფეროში მომუშავე ქალთა გაერთიანება, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება უნარების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. UN Women-ის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ უკვე მიმდინარეობს უპრეცედენტო პროექტი Women in AI, რომლის მასშტაბების გაფართოება და ინტერნაციონალიზაცია, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მოხდება.
3. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლისთვისაც ჩატარდება გადამზადების პროგრამები და ვორკშოპები, ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინტეგრაციის შესახებ, მომზადდება და ღია წვდომით გაზიარდება უნარების განვითარებისთვის საჭირო უნიკალური მულტიმედია მასალა, ჩატარდება ბიზნესის AI ბანაკები, მოხდება ტრენერთა ტრენინგი (ToT), შეიქმნება ციფრული ტრანსფორმაციის უფასო საკონსულტაციო სერვისები. აღნიშნულ კომპონენტში ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა წარიმართება ევროპის ბიზნეს ასოციაცია (European Business Association, EBA)-სთან.
4.აკადემია, რომელიც მკვლევარების, მეცნიერების, პროფესორების მონაწილეობით, შექმნის ქვეყნის საჭიროებათა რუკას, იდენტიფიცირებას გაუკეთებს საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, შეიმუშავებს AI წიგნიერების სახელმძღვანელოს, შექმნის სწავლებასა და კვლევისთვის საჭირო მეთოდოლოგიურ დოკუმენტს და უზრუნველყოფს ინიციატივის ინტერნაციონალიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
AI4Globe დაფუძნებულია სამკომპონენტიან სტრატეგიაზე: მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ტრანსფორმაცია, ზრდა.
მონაცემების შეგროვება და ანალიზი: ხელმისაწვდომი რესურსების შეფასება და ანალიზი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უახლესი კვლევების წარმოება, ახალი მულტიმედია მასალის გენერირება. გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზი, საჭიროებათა რუკის შედგენა, ინიციატივებისა და რესურსების ერთიანი ბაზის შექმნა, ახალი შესაძლებლობების კატალოგების მომზადება – პროექტის ერთ-ერთი მიზანია.
ტრანსფორმაცია: AI წიგნიერების უნიკალური მოდელის შექმნა, რომელიც გარდაქმნის საგანმანათლებლო ეკოსისტემას, შესაბამისი მეთოდოლოგიით და ინოვაციური მიდგომებით (წიგნიერების განვრცობისკენ მიმართული ყველა ინიციატივა იქნება ორენოვანი, მორგებული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე). აღნიშნული მოდელის უნიკალურობაა: საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობა, ინტერაქციული პლატფორმების განვითარება, პრაქტიკული სწავლება, AI-ზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები, მენტორობის პროგრამები, რესურსებზე ხელმისაწვდომობა, აქცენტი მრავალფეროვნებაზე, ინკლუზიურობასა და AI ეთიკაზე.
ზრდა: არსებულ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა, კურიკულუმის შემუშავება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ცოდნის ტრანსფერის განხორციელება, ჰაკათონების, იდეათონების, ბანაკებისა და კონკურსების ორგანიზება, ვირტუალური სესიები, ვორქშოფები, AI წიგნიერების მოდელის გაზიარება.
პარტნიორობა:
UNICEF, UN Women, UNICRI, KTH Sweden; University of Granada, Spain; TalTech, Estonia; Polytechnic Institute of Bragança, Portugal; University of Applied Sciences Zwickau, Germany; Beetroot Academy, Sweden-Ukraine; Tekwill; and the European Business Association.
პროექტის განხორციელება დაიწყება საქართველოში და ის ეტაპობრივად გაზიარდება/გავრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში
საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]