
BTU და BPW Georgia ქალთა და სტუდენტთა პროფესიული შესაძლებლობების გაფართოების მიზნით ითანამშრომლებენ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანებას (BPW Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი ინიციატივების განვითარებას, რომლებიც ქალებს პროფესიული პოტენციალის რეალიზებაში, კარიერული კავშირების დამყარებასა და ლიდერული კომპეტენციების გაძლიერებაში დაეხმარება.
პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის კავშირების გაღრმავებას. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ისეთი აქტივობების განხორციელებაზე, რომლებიც ქალებს ახალი ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ საზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.
დაგეგმილი თანამშრომლობა მოიცავს თემატურ მასტერკლასებს, საგანმანათლებლო შეხვედრებს, კონკურსებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებს. ამასთან, BPW Georgia ჩაერთვება BTU-ს ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებში და ხელს შეუწყობს მათი მონაწილეებისთვის პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.
თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია BTU-ს სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების მიღების ხელშეწყობაც.
BPW Georgia-სთან გაფორმებული მემორანდუმი BTU-სთვის ქალთა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.


