
მაკდონალდს საქართველო ტექ ოლიმპიადების ჰაბის ახალი პარტნიორია
„მაკდონალდს საქართველო“ საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის პარტნიორი გახდა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე, 2025 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, ეროვნული ნაკრებების მომზადების პროცესს, საგანმანათლებლო აქტივობებს, ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებს, გადამზადების პროგრამებსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეების ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
პარტნიორობის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ მხარს დაუჭერს ტექ ოლიმპიადების ჰაბის საქმიანობას, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადებას, ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას, რეგიონულ და ეროვნულ აქტივობებს, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანი თაობის განვითარებას.
„მაკდონალდს საქართველოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდების განათლებას, განვითარებასა და მომავალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ტექნოლოგიები და ინოვაციები თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი ძალაა, ამიტომ გვჯერა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.” – ელენე ბაღათურია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი
თანამშრომლობის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ მხარს დაუჭერს ჰაბის ისეთი ძირითადი აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა:
- საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების შერჩევა, მომზადება და მხარდაჭერა — საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე წარსადგენად;
- ტექნოლოგიური კურსები — ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამები და სპეციალური გადამზადების (ToT) კურსები ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის;
- რეგიონული კამპანიები — ტექ ოლიმპიადების ჰაბისა და საერთაშორისო ოლიმპიადების პოპულარიზაციის მიზნით, „მაკდონალდს საქართველოს“ ჩართულობით საქართველოს რეგიონებში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები, სასკოლო ვიზიტები და სხვა აქტივობები ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისთვის;
- ჰაბის ღონისძიებების მხარდაჭერა — სხვადასხვა აქტივობის, ბანაკის, ტრენინგისა და ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთა კვების უზრუნველყოფის გზით.
“გვიხარია, რომ ვუერთდებით ამ შესანიშნავ ოლიმპიადებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება და მათ გლობალურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემთ” – ელენე ბაღათურია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი
2026 წელს, ჰაბის ფარგლებში მომზადებულმა საქართველოს გოგოების ნაკრებმა ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2026) წარმატებით იასპარეზა. ნაკრების წევრმა გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავა საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. აღნიშნული ოლიმპიადა იტალიაში, ცესენატიკოში გაიმართა და მასში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე EGOI, EJOI, IOI და IOAI საქართველოს წარმომადგენლობას. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე საქართველოს წარმატებული წარმომადგენლობის ხელშეწყობა.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თიბისი ბანკის გენერალური სპონსორობით დაფუძნდა, ჰაბის პარტნიორები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA, ტექ ასოციაცია, EPAM Georgia, Lineate და ბლოქსი. „მაკდონალდს საქართველოს ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჰაბის შესაძლებლობას, ტექნოლოგიური განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მომავალი თაობის საერთაშორისო წარმატებას.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაა საქართველოში ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება, ახალგაზრდებში ინოვაციების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს წარმატებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

