
BTU მოლდოვას რესპუბლიკის ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აძლიერებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოლდოვას რესპუბლიკის ციფრული ინოვაციების ჰაბთან (Digital Innovation Hub of Moldova) და ელექტრონული კომუნიკაციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ასოციაციასთან Association for the Development of Electronic Communications and Innovative Technologies (ACETI) პარტნიორობას აძლიერებს.
DIH Moldova და ACETI აქტიურად თანამშრომლობენ ევროპის ინოვაციური ეკოსისტემის კლასტერებთან და ცალკეულ ორგანიზაციებთან. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ციფრული ინოვაციების ჰაბების განვითარებაში, მონაწილეობენ დიალოგში აღმოსავლეთ ევროპის ინოვაციურ ცენტრებსა და ევროკავშირის ციფრული ინოვაციების ჰაბების ქსელთან (European Digital Innovation Hubs – EDIH), ხელს უწყობენ რეგიონულ ინტეგრაციას და ინოვაციის გავრცელებას რეგიონში.
მოლდოვას ციფრული ინოვაციების ჰაბი (DIH of Moldova) წარმოადგენს პროექტს, რომელიც 2021 წლის დეკემბერში შეიქმნა ელექტრონული კომუნიკაციების და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ასოციაციის (ACETI) ინიციატივით და ეფუძნება რუმინეთის ციფრული ინოვაციების ჰაბის ევროპულ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების, ინვესტორების და სხვა ჩართული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას.
ასევე, BTU-მ თანამშრომლობა დაიწყო მოლდოვას ბიზნეს ინოვაციის ჰაბთან – Business InnoHub (რომელიც მოლდოვას ქალაქ უნგენში მდებარეობს). ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი უნარების, შესაძლებლობებისა და მოტივაციის გაზრდა. Business InnoHub ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას შეიმუშაონ ბიზნეს წინადადებები და განიხილონ მათი განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა. BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაცია განავითარებს მენტორობის პროგრამას და გაიზიარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გამოცდილებას ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კურსების/ მენტორობის პროგრამის განხორციელების მიმართულებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, აგრძელებს თანამშრომლობას მოლდოვას ტექნიკურ უნივერსიტეტთან (Technical University of Moldova), ინოვაციების ცენტრთან – Tekwill, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციასთან – Moldovan Association of ICT Companies და მუშაობს მრავალმხრივ ინიციატივებზე ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების მიმართულებით.
აღნიშნული თანამშრომლობა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტის „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) ფარგლებში, რომელსაც GIZ – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.