
BTU-ს ყოველწლიური AI პრე-აქსელერატორის გამარჯვებულები ცნობილია
BTU-ში ყოველწლიური პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა, რომლის თემაც წელს ხელოვნური ინტელექტი იყო. ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპები საკუთარი ინოვაციური პროდუქტებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე, რომელთა შორის გამარჯვებული გახდა Starlive — AI-ზე დაფუძნებული ვიდეოანალიზისა და მატჩის ტრანსლაციის CMS პლატფორმა. გამარჯვებულ სტარტაპს BTU-სგან გრანტის სახით 10,000 ლარი გადაეცემა, რაც მის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
დემო დღეზე 6 სტარტაპი მონაწილეობდა:
- LakLaka – ქართულენოვანი AI პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჩაატაროს სიღრმისეული კვლევა, მოახდინოს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და მიიღოს ეფექტური მხარდაჭერა ერთ სივრცეში.
- CLARSEN – ინსტიტუციური ტიპის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოემსახურება საფინანსო და სხვა რეგულირებად სექტორებში ოპერირებად კომპანიებს და შესთავაზებს რეგულატორთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ სრულყოფილ მომსახურებას.
- Memamule – პლატფორმა, რომელიც ფერმერებს მიწის ლაბორატორიულ ანალიზსა და აგრონომიულ მონაცემებზე დაყრდნობით ეხმარება ნიადაგისთვის საუკეთესო კულტურის შერჩევასა და მის დამუშავებაში მაღალი ხარისხის და მოსავლიანობის ზრდის ხელშესაწყობად.
- Ante – ბლოკჩეინზე დაფუძნებული P2P განახლებადი ენერგიის სავაჭრო პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მზის პანელების მფლობელებს მიყიდონ ჭარბი ელექტროენერგია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც უსაფრთხოებას სიზუსტეს და გამჭვირვალობას განაპირობებს.
- The Article – PropTech პლატფორმა, რომელიც უძრავი ქონების შერჩევის პროცესს ვირტუალურ გამოცდილებად გარდაქმნის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სპეციალური VR მოწყობილობითა იმოძრაოს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ბინაში.
- Starlive – AI-ზე დაფუძნებული ვიდეოანალიზისა და მატჩის ტრანსლაციის CMS პლატფორმა, რომელიც ეხმარება საფეხბურთო კლუბებსა და აკადემიებს გუნდისა და ინდივიდუალური მოთამაშის მონაცემთა ანალიზში, პროგრესის მონიტორინგსა და დამატებითი შემოსავლის გენერირებაში.
პროგრამა 1 თვიანი ინტენსიური მენტორული და საგანმანათლებლო აქტივობებისგან შედგებოდა, რომელიც BTU-სა და MIT-ს (Massachusetts Institute of Technology) პარტნიორობით განხორციელდა.
სტარტაპები წინასწარ შერჩეული კრიტერიუმებით ჟიურის წევრებმა შეაფასეს:
- თორნიკე ცირამუა – სერიული მეწარმე და სტარტაპ მენტორი;
- დავით ციცქიშვილი – Angel ინვესტორი, Axel;
- ერალფ ჰათიფოღლუ – თანადამფუძნებელი, Citypay.io;
- კარინა რუბინსტეინი – ინოვაციების ექსპერტი, ეკოსისტემის მშენებელი, ვენჩურული პარტნიორი და ბიზნეს განვითარების მენტორი, InNegev.
დემო დღის მხარდამჭერი იყო საქართველოში ისრაელის საელჩო, რომელმაც უზრუნველყო ღონისძიებაში ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრატეგისა და ინოვაციების ხელშემწყობის — კარინა რუბინშტეინის მონაწილეობა. კარინა რუბინშტეინს ჟიურის წევრობის გარდა ჰქონდა keynote გამოსვლა და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გლობალური გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.
დემო დღის ფარგლებში სტარტაპებმა მიიღეს დამატებითი ბენეფიტებიც პარტნიორი ორგანიზაციებისგან:
- Axel-ის საინვესტიციო კომიტეტი სტარტაპებისთვის — Starlive და Clarsen — უზრუნველყოფს საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებაში დახმარებას და მიიწვევს მათ ინვესტორებთან შეხვედრაზე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად.
- აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის კომპანია FINO მეორე ადგილზე გასულ სტარტაპ – Laklaka-ს — გადასცემს 3,000 ლარის ვაუჩერს მათი პროფესიული მომსახურებების გამოსაყენებლად.
BTU-ს AI პრე-აქსელერაციის პროგრამა ყოველწლიურად აძლევს შერჩეულ სტარტაპებს შანსს განავითარონ საკუთარი იდეები, მიიღონ საერთაშორისო დონის მენტორობა და გახდნენ გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის ნაწილი.