ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრს (GCSD) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2022 წლის 10 ნოემბერს, “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრსა” (GCSD) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, სასარგებლო კვლევების წარმოებისა და პროექტების განხორციელების მიზნით, მხარეები ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ პარტნიორულ მექანიზმებს შეიმუშავებენ.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას და კიბერსაფრთხეების მიმართ მედეგობის გაძლიერებას ერთობლივი პროექტების განხორციელების, კვლევების წარმოების, სტუდენტთა დასაქმების, ინტერდისციპლინური ცოდნის დაგროვებისა და გაზიარების გზით.
მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმომწერები ასევე გამოხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებული ძალისხმევით განახორციელონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტები, კომპეტენტურ მკლევართა ჩართულობით აწარმოონ კვლევები, ხელი შეუწყონ სტუდენტების დასაქმებასა და დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა, GCSD იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს BTU-ის სტუდენტების სტაჟირების პროგრამაში ჩართვას, რაც მოიცავს სამეცნიერო კვლევების წარმოებას, ორგანიზაციულ საქმიანობაში ჩართვასა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას.