საქართველო გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმა edX-ს უერთდება
საქართველოში გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა იქმნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
MIT-ისა და Harvard-ის მიერ შექმნილ Open edX-ს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ, მის მუდმივ განვითარებაზე კი ისეთი მსხვილი კორპორაციები ზრუნავენ, როგორიც Google, IBM, Microsoft და სხვა კომპანიებია.
საერთაშორისო პლატფორმის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“, BTU AI, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, „პალიტრა ჯგუფი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, „სილქნეტი“, „სილქ TV“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა ორგანიზაციები არიან.
Open edX-ის ქართული პლატფორმის მიზანი ერთი სივრცეში მაღალი ხარისხის ქართულენოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მასალების ეტაპობრივი თავმოყრა იქნება, რომელიც მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს შექმნის. ამასთანავე, პლატფორმა მიზნად საგანმანათლებლო პროდუქტებსა და უახლეს სამეცნიერო მასალებზე წვდომის გაზრდას ისახავს. აღსანიშნავია, რომ მისთვის კონტენტი მუშავდება, ითარგმნება და იქმნება როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენებით.