BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ახალმა ინიციატივამ სტარტი აიღო!
მათემატიკის ახალი ოლიმპიადის პრეზენტაცია 4 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. ოლიმპიადა ორეტაპიანი იქნება.
პირველი ეტაპი ჩატარდება, ელექტრონულად, ოლიმპიადის ამოცანები გამოქვეყნდება 13 მარტს, და აბიტურიენტნს ექნება საშუალება 24 საათის განმავლობაში იმუშაოს ამოცანებზე. მონაწილეობისთვის შესაძლებელია წინასწარი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
მეორე, საფინალო ეტაპში კი, რომელიც 5 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმატებით გაივლიან ოლიმპიადის პირველ ეტაპს.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ოლიმპიადა ყოველწლიური იქნება.
„ეს არის ოლიმპიადა არამხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მათი მასწავლებლებისთვისაც, სადაც საპრიზო ფონდს ინაწილებს გამარჯვებული აბიტურიენტი და მისი მათემატიკის პედაგოგი. არის სამი ნომინაცია, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 1000 ლარს და იგივე ოდენობის ფულადი ჯილდოს – მისი მასწავლებელი. ამის გარდა, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი დაჯილდოვდება BTU -ში სწავლის სრული დაფინანსებით. მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებენ 700-700 ლარს. მესამე ადგილის მფლობელი კი – 500-500 ლარს,“ – განმარტავს ნინო ენუქიძე.
“ოლიმპიადა გამორჩეულია იმით, რომ ის მოიცავს ყველა სკოლას და მხოლოდ მათემატიზირებული სკოლებიდან წამოსული გუნდები და სპეციალურად ნავარჯიშები ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი. პირველ ტურზე დადგენილი იქნება გამსვლელი ქულა და ბარიერგადალახული ყველა მოსწავლე მოწვეული იქნება ფინალურ ტურზე, სადაც ცოტა უფრო რთული საკითხები იქნება. საკმაოდ მაღალი რანგის პრიზებია დაწესებული. ფაქტობრივად ეს არის ძალიან კარგი სტიმული ახალგაზრდისთვის, რომ თავის ცოდნის შესაბამისი ფინანსური სტიმული მიიღოს და მეორე, თუ აირჩევს და წამოვა ამ უნივერსიტეტში მისთვის ძალიან კარგი იქნება, შესანიშნავი, ახალი უნივერსიტეტია ძალიან დიდი პერსპექტივით”,- განაცხადა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა დავით ნატროშვილმა.
აღნიშნულ შეხვედრაზე BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმდა მემორანდუმი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს უნივერსიტეტის განახლებული მათემატიკის სილაბუსი.
„ვმუშაობთ მათემატიკოსთა კავშირთან და მათთან თანამშრომლობით მოხდა მათემატიკის კურიკულუმის სრული მოდიფიცირება, განახლება და უფრო კომპლექსური სახით დამუშავება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს წამყვანი მათემატიკოსები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მათი აზრი და ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან ბევრ ისეთ პროექტს ვამუშავებთ, სადაც მათემატიკის მძლავრი ცოდნა არის კრიტიკულად აუცილებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავართულოთ პროგრამა”,- დაამატა ნინო ენუქიძემ.