BTU-ში „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ (MIT) Global Startup Lab პროგრამა დასრულდა
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, რომელიც 4 კვირის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა, დასრულდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 სტარტაპ მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 „ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი“ და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს MIT-ის მენტორების დახმარებით უნდა ემუშავათ მობილურ აპლიკაციებზე, რომელიც ინოვაციური და საინტერესო იქნებოდა.
პროგრამა დემო დღით დასრულდა, რომელზეც 7 შერჩეული სტარტაპი წარსდგა, წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ კი პრეზენტაციების შემდეგ 4 გამარჯვებული გამოავლინა.
• MUZA – კომპანია სილქნეტის გამარჯვებული გახდა და ბიზნესის განვითარებისთვის 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიპოვა;
• Sait – თიბისი სტარტაპერის ფავორიტი გახდა და საჩუქრად ბრენდის ვიზუალური იდენტობის შემუშავებული კონცეფცია მიიღო;
• Yuppi – თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის შერჩეული სტარტაპია, რომელსაც ბიზნესის განვითარებაში Spark დაეხმარება;
• Villam – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფავორიტი გახდა და თბილისის მეწარმეობის სამიტზე, გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ისრაელიდან მოწვეულ ინვესტორებს შეხვდება.
MUZA-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის სალომე ნაფეტვარიძის თქმით, მას და მისი გუნდის წევრებს BTU-მ და MIT-მა მისცათ შესაძლებლობა, მსოფლიოში კვალიფიციურობით განთქმულ მენტორებთან ერთად ემუშავათ.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად გააკეთა გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, რომელშიც ჩავერთეთ BTU-ს სტუდენტები. 4 კვირის განმავლობაში მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, შევძელით განგვევითარებინა ჩვენი სამეწარმეო და სხვა უნარები. ამასთან ერთად, მოგვეცა საშუალება ურთიერთობა გვქონოდა ისეთ მენტორებთან, რომლებთან ერთად მუშაობის საშუალება აქამდე არ გვქონდა. აღმოვჩნდით „სილქნეტის“ რჩეულები, დავსაჩუქრდით 10 000 ლარით“, – აღნიშნა მან.
MIT-ის მენტორის, უილიამ სპირმენის შეფასებით, სტუდენტები, რომლებიც აპლიკაციების მომზადებაში იყვნენ ჩართულები, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა“ და MIT-ის პროგრამა შესანიშნავი გამოვიდა. არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გვქონდა სტარტაპის დასაწყებად. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა იზრდება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამოვედით და ვფიქრობთ, რომ სტუდენტები ქვეყნის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენენ“, – აღნიშნა მან.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა BTU-სთვის კიდევ ერთ წარმატებულ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.
„გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა“ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. MIT-ის გლობალური სტარტაპ-ლაბი პირველად საქართველოში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე განხორციელდა. სტუდენტები ინოვაციური იდეებით წარდგნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი სტუნდენტებისთვის, არამედ ამ ეკოსისტემაში მონაწილე ყველა მხარისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მონაწილე ყველა ორგანიზაციას, თუ სააგენტოს“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის, 18 „ბიზნესის და ტექნლოგიების უნივერსიტეტიდან”, ხოლო 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა უნივერსიტეტებიდან. პროგრამა სრულად დააფინანსა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა”.
აღსანიშნავია, რომ MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მხარდამჭერი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ოფიციალური პარტნიორები კი: „თიბისი სტარტაპერი” და „სილქნეტი”.