BOG Fintech ჩვენი ახალი პარტნიორია
საქართველოს ბანკის“ BOG Fintech-ი „სილიკონ ველი თბილისთან“ თანამშრომლობას იწყებს. პარტნიორობა ბანკსა და ბიზნესისა და ტექოლოგიების უნივერსიტეტს შორის ფინტექის მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების განვითარებას, სტუდენტებისთვის მენტორობის პროგრამის ამოქმედებას, მათ გადამზადებას და საზაფხულო პროგრამებში ჩართვას გულისხმობს.
თანამშრომლობის ფარლგებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა „საქართველოს ბანკის“ ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, BOG Fintech-ი უნივერსიტეტში, წელიწადში ორჯერ მიმდინარე სტუდენტური სტარტაპების დემო დღისთვის დაკომპლექტებულ ჯგუფებთან , ფინტექის მიმართულებით მენტორობის პროგრამას აამოქმედებს.
გიორგი კინწურაშვილის თქმით, თანამშრომლობა უნივერსიტეტთან სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, რომ სამომავლო კარიერა უფრო ეფექტურად განავითარონ.
“საქართველოს ბანკმა“ დაახლოებით ერთი წელია ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech-ი დაიწყო. ამ მიმართულების ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და ვთანამშრომლობთ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. სტუდენტური პროექტების მიმართულებით ვისაც ექნება Fintech არეაში იდეები ბანკი დაეხმარება სტუდენტებს, რომ პროექტები დაამუშაონ ბანკის თანამშრომლებთან ერთად და პრეზენტაციები გამოიტანონ საბოლოო, ჩამოყალიბებული პროექტის სახით. ეს მათთვის შესაძლებლობას ქმნის, რომ უფრო პრაქტიკულ დონეზე ისწავლონ საბანკო სფეროში ინოვაციური იდეების დამუშავება და რაც მთავარია სტარტაპის განვითარება. გარდა ამისა თანამშრომლობა შესაძლებლობას ქმნის, რომ მათ უფრო წარმატებულად განავითარონ თავიანთი კარიერა ფინანსურ სფეროში”,-განაცხადა “საქართველოს ბანკის” ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლგიების ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის თქმით, ბანკთან თანამშრომლობის პერიოდში შეირჩევა სტუდენტების ის ჯგუფი, რომლებსაც ფინტექის მიმართულებით იდეები აქვთ,რაც ახალგაზრდებს მომავალში ახალი გამოცდილების კუთხით დაეხმარება.
“ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი “საქართველოს ბანკთან” Fintech მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს. ეს არის ახალი ინდუსტრია მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით სტუდენტების ცოდნის გაღრმავება. საუბარია იმაზე, რომ შეირჩეს სტუდენტების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ იდეები Fintech-ში ახალი გადაწყვეტილებები შესთავაზონ ბანკს, ითანამშრომლონ, იმუშაონ ბანკთან ერთად ამ პროექტების განვითარებაზე ისევე, როგორც სხვა ინოვაციური პროექტის მიმართულებით ვმუშაობთ.
ასევე, “საქართველოს ბანკთან” Fintech-ში პარტნიორობა ჩვენი სტუდენტებისთვის პერსპექტიულია სამომავლოდ ახალი სამუშაო პოზიციებისა და ახალი გამოცდილების კუთხით”, – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ნინო ენუქიძემ.
უნივერსიტეტის „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობა ასევე გაზრდის შესაძლებობებს, რომ სტუდენტებმა უშუალოდ ბანკში მიიღონ ცოდნა ფინტექში პროგრამების მიმართულებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო მიმართულების ხელმძღვანელის, მაია მელიქიძის განცხადებით, ბანკთან პარტნიორობის შედეგად უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ შანსი, რომ საკუთარი იდეების კომერციალიზაცია მოახდინონ.
“ეს არის ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის. იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ უნარები და სურვილი , რომ ამ უნარების იმპლემენტაცია და იდეების კომერციალიზაცია მოახდინონ უკვე რეალურ ცხოვრებაში. დღეს არის პირველი შეხვედრა „საქართველს ბანკთან“, შემდეგში უკვე ბანკი მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაიარონ გარკვეული პროგრამები „საქართველოს ბანკში“ და გაეცნონ რას გვაძლევს “საქართველოს ბანკი”. სტუდენტებს, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ იდეები და ვერ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბოლომდე მოეხდინათ ამის რეალიზება დღეს უკვე ამის შესაძლებლობა ექნებათ. ეს არის სტარტაპების ეტაპი, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს და ყველა სხვადასხვა ინსტიტუტთან ვაკეთებთ პროექტებს”,-განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო მიმართულების ხელმძღვანელმა მაია მელიქიძემ.
გარდა ამისა, BOG Fintech-ი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების პროგრამისთვის ახალი კომპონენტების, ფინტექის მოდულის შემუშავებასა და განხორციელებაშიც ჩაერთვება.