მსოფლიო ბესტსელერის „მფრინავი პინგვინის“ ავტორი და British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი BTU-ს სტუდენტებს შეხვდნენ
მსოფლიო ბესტსელერის, „მფრინავი პინგვინის“ ავტორი, საერთაშორისო პრემიების მრავალგზის მფლობელი, პროფესორი ასოკა ჯინადასა და British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი, ფელიციო ფერაზი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ასოკა ჯინადასამ და ფელიციო ფერაზმა „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კრიზისული სიტუაციის მართვა“. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ლიდერობის პრინციპებზე ესაუბრნენ.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ წარმატების მისაღწევად, აკადემიური უნარებისა და პროფესიის ცოდნის გარდა პიროვნული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია.
„მსოფლიო სწრაფად იცვლება და რასაც დღეს უნივერსიტეტში სწავლობ, შეიძლება, მომავალში არ გამოგადგეს. საჭირო უნარების ორი კატეგორია არსებობს: პირველია – აკადემიური უნარები (Hard skills), რაც წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის; საჭიროა მეორეც -პიროვნული უნარები (Soft skills), რაც მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ენერგიასა და თავდაჯერებას უკავშირდება. სტუდენტები ძალიან დაინტერესებული იყვნენ, ყურადღებით მისმენდნენ და ბოლომდე მომყვებოდნენ. კმაყოფილი ვარ, რომ ეთანხმებიან იმ თითქოს წინააღმდეგობრივ აზრს, რასაც ვამბობ, რომ მომავალში მათ ლიდერებად ჩამოსაყალიბებლად ახლა უნდა დაიწყონ მზადება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ისაა, რომ მათ ლიდერობის პრინციპები დავანახოთ“, – აღნიშნა ასოკა ჯინადასამ.
„სტუდენტებისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო იყო. მსოფლიოში მოვლენების სწრაფი ცვალებადობა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს არა მარტო აკადემიური, არამედ პიროვნული უნარებიც, რაზეც ვისაუბრეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება სტუდენტებს წაახალისებს, პიროვნული და ლიდერული უნარები განივითარონ“, – განაცხადა British American Tobacco-ს გენერალურმა მენეჯერმა ფელიციო ფერაზმა.