თბილისის ისტორიის მუზეუმში მსოფლიოს მოწინავე სამეწარმეო ცენტრი არტ ინკუბატორს ხსნის
თბილისის კრეატიულ ცენტრში, რომელიც კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნითა და კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად შეიქმნა, არტ ინკუბატორი იწყებს ფუნქციონირებას.
არტ ინკუბატორი იქნება თბილისის კრეატიულ ცენტრში განთავსებული ერთეული, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კულტურის და კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ სემინარებში.
არტ ინკუბატორის პარტნიორია მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship, რომლიც გამართავს კრეატიული იდეების ფესტივალს, დააწესებს ინოვაციური მეწარმეობის ჯილდოს.
არტ ინკუბატორის წევრი მიიღებს ცოდნას, კრეატიული სტარტაპ იდეის გენერირებიდან იდეის კომერციალიზაციამდე, სრული ციკლის გასავლელად, აგრეთვე, მისთვის საჩუქრად გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.
ინკუბატორის წევრი, ასევე, შეძლებს უკვე არსებული სტარტაპის გარშემო ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მხრიდან კონსულტაციების მიღებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისთვის საუკეთესო სტრატეგიის განსაზღვრას.
წლის ბოლოს, არტ ინკუბატორში გაიმართება კონკურსი და შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერი არტისტი. კონკურსში გამარჯვებული სტარტაპერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
პროექტი ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Henley Business School-ის ჩართულობით ხორციელდება.
ეროვნულ მუზეუმში პროექტს მნიშვნელოვნად აფასებენ. „საერთაშორისო გამოცდილების შერწყმით, ჩვენ ეროვნულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, კრეატიულობით ჩვენ შევქმნით პროდუქტებს, რომლებსაც ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკის, ასევე თბილისის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
თავის მხრივ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროექტი განსაკუთრებით კომერციალიზაციის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. „ჩვენ ვიწყებთ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტს. ჩვენი მხრიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაეხმარება კრეატიულ სექტორს, რომ მოახდინონ საკუთარი პროდუქტის კომერციალიზაცია. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული, კულტურული, კრეატიული სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ამ სფეროში დიდი გამოცდილება, თუმცა კარგი იქნება მათ ამ იდეებისა და პროექტების კომერციალიზაციის შესაძლებლობაც ექნება. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში ჩართულია Henley Business School, რომელსაც ზუსტად ამ მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება,“- განაცხადა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ.
ბრიტანეთის საბჭოში კი მოხარულები არიან, რომ მათი დახმარებით დაფინანსდა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობა.
„პარტნიორობა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. პროგრამა მიზნად ისახავს სამეწარმეო განათლების ხელშეწყობას და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას. ის სამი კომპონენტისგან შედგება. ერთი-ერთი მთავარი კომპონენტია პარტნიორობის ფონდი. მიხარია, რომ საქართველოდან 6 პარტნიორობა დაფინანსდა, მათ შორის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობა“, – განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა ზაზა ფურცელაძემ.
რაც შეეხება თავად კრეატიულ ცენტრს, რომელშიც განთავსდა არტ ინკუბატორი, 2018 წლის ბოლოს თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში გაიხსნა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის ინიციატივით. აღნიშნული პროექტის წარდგენა 2018 წლის 20 დეკემბერს მოხდა და პრეზენტაციას უძღვებოდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე.
არტ ინკუბატორი ოფიციალურად 30 იანვარს 19:00 საათზე თბილისის კრეატიულ ცენტრში – ქარვასლაში გაიხსნება. მის: თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა, სიონის ქუჩა #8