პროექტი “ციფრული მოქალაქე” ახალ ფაზაში გადადის
ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის ორგანიზატორები: კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი, ცოტნე ზურაბიანი და გიორგი ბეგაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის HP-ის სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის ხელმძვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მარკუს შვერტელი, კომპანიების Microsoft, Softline, MUK წარმომადგენლები.
პროექტის ახალი ეტაპის მიზანია საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში უზრუნველყოს მცხოვრებთა ციფრული გადამზადება და შემდგომში მათი გლობალური დასაქმების პლატფორმებში ჩართვა. ამ ეტაპზე, ცნობილი ხდება რეგიონული ლოკაციები, სადაც განხორციელდება ციფრული გადამზადება: ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ლანჩხუთი, ჩხოროწყუ, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, თერჯოლა, ჭიათურა, სამტრედია, ხონი, გორი და კასპი. ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ტექნოპარკი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიზანია, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება.
პროექტის ფარგლებში ვებინარებისა და სემინარებისთ მეშვეობით ბენეფიციარების გადამზადება 2017 წლის 18 სექტემბერს იწყება, მსურველთა რეგისტრაცია კი 2017 წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება შემდეგ მოდულებში:
- კომპიუტერული პროგრამირება
- სოციალური მედია ვიდეო მარკეტინგი
- მობილური აპლიკაციების შექმნა და დიზაინი
- ვებ გვერდების შექმნა
სამომავლოდ იგეგმება საქართველოს სრული დაფარვა და რეგიონებში გადამზადების ცენტრების რიცხვის გაზრდა 100 ლოკაციამდე.