Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის!
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) და მინიმალური საშუალო ქულა 71.
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 9 დეკემბრის 13:00 საათისა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: erasmusplus@btu.edu.ge
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (დოქტორანტურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (PhD), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)
- პასპორტის ასლი
- მაგისტრატურის დიპლომი და დიპლომის დანართი
- საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
- მოწყვლადი ჯგუფები: 0-1
დამატებითი ინფორმაცია:
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი. შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია;
- Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში უნივერსიტეტი) სააპლიკაციო დოკუმენტაციის გაგზავნით, სტუდენტი (შემდგომში აპლიკანტი) აცხადებს თანხმობას, უნივერსიტეტის მიერ დამუშავებულ იქნას მისი პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მათ შორის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტების შესახებ მონაცემები, გაუზიაროს შესაბამის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებას, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. სააპლიკაციო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, უნივერსიტეტის მიერ დამუშავებული იქნება მხოლოდ გაცვლითი პროგრამისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კანდიდატთა შერჩევისა და საკონკურსო მოთხოვნებთან პირის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
- ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, უნივერსიტეტის მხრიდან, აპლიკანტის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინახება 5 წლის ვადით, ევროკავშირის საგრანტო პროექტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ erasmusplus@btu.edu.ge-ზე.
* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ! დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრის ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას, დაიშვებიან კონკურსზე.