
UNESCO-მ BTU-ს პროექტი ,,AI4Globe” საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის გავლენიან ინიციატივათა სიაში შეიყვანა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება – UNESCO-მ ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო ინიციატივა AI4Globe აღიარა და შეიყვანა საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის (International Decade of Sciences for Sustainable Development – IDSSD, 2024–2033) გავლენიანი პროექტებისა და ინიციატივების სიაში.
AI4Globe არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელეტის წიგნიერების დონის ზრდას გლობალურად. ინიციატივა ფარავს სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს, აკადემიურ სივრცესა და მცირე/საშუალო ბიზნესს, რომლისთვისაც, ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნის მულტიმედია საგანმანათლებლო რესურსებს, პროექტებს და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
საქართველოდან მსოფლიოში, პროექტი AI4Globe უკვე ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები.
საერთაშორისო მეცნიერების ათწლეული მდგრადი განვითარებისთვის (IDSSD) წარმოადგენს UNESCO-ს გლობალურ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება 2024 წლიდან 2033 წლამდე და მუშაობს შემდეგი მიზნებისთვის:
- მეცნიერების როლის გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG-ების) მიღწევაში;
- მეცნიერებას, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის კავშირის გამყარება;
- ინკლუზიური და სამართლიანი სამეცნიერო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა გლობალური გამოწვევების – კლიმატის ცვლილების, უთანასწორობისა და გარემოს დეგრადაციის – დასაძლევად.
UNESCO-მ აღნიშნა რომ AI4Globe სრულად შეესაბამება ათწლეულის ღირებულებებსა და მიზნებს.