BTU AI4Globe საქართველოდან მთელს მსოფლიოში, AI წიგნიერების გასაძლიერებლად
AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გლობალურ ზრდას ისახავს მიზნად. პროექტი მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროექტის ფარგლებში ინოვაციური საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება. მასში ჩართული იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ინიციატივა სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს მოიცავს. მათ შორის არიან: ბავშვები, მოზარდები, ქალებ, აკადემიური პერსონალი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
საწყის ეტაპზე პროექტი საქართველოში განხორციელდება. ეტაპობრივად კი საერთაშორისო მასშტაბზე გაიზრდება მისი აქტივობები.
AI4Globe 4 ძირითად მიზნობრივ ჯგუფს აერთიანებს:
ბავშვები და მოზარდები – მათთვის შეიქმნება AI წიგნიერებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსები. ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, სასკოლო საინფორმაციო შეხვედრები და ინოვაციების ბანაკები, იდეათონები და კონკურსები. მომზადდებიან და გადამზადდებიან მასწავლებლები და მშობლები/მეურვეები. თემატიკა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და გამოწვევებს, კიბერჰიგიენას და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის პრაქტიკებს. AI4Globe პროექტის ბავშვებისა და მოზარდების კომპონენტის მხარდამჭერია UNICEF Georgia.
ქალები – ისინი გადამზადდებიან ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პროგრამირების, ტექნოლოგიურ სფეროში კარიერული წინსვლის მიმართულებით. მონაწილეებისთვის ჩატარდება ჰიბრიდული ტრენინგები სხვადასხვა რეგიონებში, შეიქმნება პოდკასტების სერია, ჩამოყალიბდება AI სფეროში მომუშავე ქალთა გაერთიანება, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება უნარების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. UN Women-ის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ უკვე მიმდინარეობს უპრეცედენტო პროექტი Women in AI, რომლის მასშტაბების გაფართოება და ინტერნაციონალიზაცია სწორედ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მოხდება.
მცირე და საშუალო ბიზნესი – მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება გადამზადების პროგრამები და ვორკშოპები ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინტეგრაციის შესახებ, მომზადდება და ღია წვდომით გაზიარდება უნარების განვითარებისთვის საჭირო უნიკალური მულტმედია მასალა, ჩატარდება ბიზნესის AI ბანაკები, მოხდება ტრენერთა ტრენინგი (ToT), შეიქმნება ციფრული ტრანსფორმაციის უფასო საკონსულტაციო სერვისები. აღნიშნულ კომპონენტში ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა წარიმართება ევროპის ბიზნესასოციაცია European Business Association (EBA)-სთან.
აკადემიური პერსონალი – მკვლევრების, მეცნიერების, პროფესორების მონაწილეობით, იდენტიფიცირება გაუკეთდება საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, შემუშავდება AI წიგნიერების სახელმძღვანელო, შეიქმნება სწავლებასა და კვლევისთვის საჭირო მეთოდოლოგიური დოკუმენტი. მოხდება ინიციატივის ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. AI4Globe-ის პარტნიორები არიან: UNICEF, UN WOMEN, UNICRI, KTH შვედეთი; გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი; TalTech, ესტონეთი; ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გერმანია; Beetroot Academy, შვედეთი-უკრაინა; Tekwill; ევროპის ბიზნეს ასოციაცია.