ლექტორების აკადემია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, რომელთაც აკადემიური საქმიანობის სურვილი აქვთ, BTU სპეციალურ აკადემიას აფუძნებს.
სწავლების მეთოდები, სილაბუსის დიზაინი, სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა, ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვა საკითხები, ლექტორების აკადემიაში, დარგის სპეციალისტებისთვის, დამატებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იქნება შეთავაზებული.
,,ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პარალელურად განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები იკვეთება – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – ფართოვდება, გვემატება ახალი კამპუსი, პროგრამები, იზრდება ჩვენი ადმინისტრაციული და აკადემიური გუნდი. ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მდგრადი და ხარისხზე ორიენტირებული განვითარება, რაც გამოარჩევს BTU-ს საგანმანათლებლო სივრცეში. სწორედ ამიტომ, პრაქტიკოსი და გამოცდილი პროფესიონალებისთვის, დამატებით იქმნება ლექტორების აკადემია, რომელიც შესძენს ლექტორობის მსურველებს საჭირო უნარებს, წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის.’’ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიღების წინაპირობები
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება იმ სფეროში, რა მიმართულებითაც სურს კანდიდატს ლექციების წაკითხვა.
კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მიღების წინაპირობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სამოტივაციო წერილი (რომელიც დაასაბუთებს მათ ძლიერ ინტერესსა და პოტენციალს საუნივერსიტეტო დონეზე სწავლების მიმართ).
შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან.
აკადემიაში სრული კურსი მოიცავს 10 კვირიან პერიოდს. პირველი ნაკადის გადამზადება დაიწყება 10 მაისს, ხოლო სწავლების პერიოდი დასრულდება არაუგვიანეს ივლისისა. სწავლება განხორციელდება შერეული ფორმატით. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 საათის ხანგრძლივობით.
აკადემიაში სწავლა BTU-ს მიერ დაფინანსდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მოტივირებული კანდიდატების მოძიებას და მსურველთა ფართო წრისთვის შექმნის ახალ შესაძლებლობას. აკადემიის მენტორებს შორის იქნებიან განათლების სფეროს პროფესიონალები და დარგის გამოცდილი პროფესორები, რომლებიც კანდიდატებს თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ. კურსის დასრულების შემდეგ ახალი ლექტორები შეიძენენ საჭირო ცოდნას, უნარებსა და პრაქტიკულ კომპეტენციას სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლების მისაცემად. შერჩეული კანდიდატებისთვის აკადემიის გავლა უფასოა. ბტუ-სა და მსმენელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც წარმატებულ კანდიდატებს ავალდებულებს ბტუ-სთან თანამშრომლობას 6 სემესტრის განმავლობაში (სანაცვლო საათობრივი ანაზღაურებით).
სასწავლო პროგრამა/მოდულები
- შესავალი საგნმანათლებლო სფეროში, უსდ-ს მისია, ხედვა, ღირებულებები, პოლიტიკა სწავლებისა და სწავლის ზოგადი პრინციპები;
- საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, სტრუქტურა, შინაარსი, კურიკულუმის რუკა), თითოეული სასწავლო კურსის ადგილი პროგრამაში;
- სასწავლო კურსის სილაბუსი (დაშვების წინაპირობა, მოცულობა, მიზნები, სწავლის შედეგები, შინაარსი)
- სასწავლო კურსის სილაბუსი (სწავლება-სწავლის მეთოდები; შეფასების მეთოდები; შედეგების შეფასების მექანიზმი)
- ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის
- სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება სასწავლო პროცესში (LMOს ქლასრუმის და Google Classroom მაგალითზე)
- თეორიული კურსი ვიწრო სფეროში, რომელიც დარგობრივ საკითხებთან ერთად მოიცავს: სილაბუსზე მუშაობას; ლიდის ლექციაზე დასწრებას, საჩვენებელი/სატესტო ლექცი(ებ)ის ჩატარებას; სტუდენტთა ნაშრომების გასწორებაში მონაწილეობას.