BTU AI ჰაკათონი ოფიციალურად გაიხსნა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის მეორე ტური სტუდენტებისთვის ოფიციალურად დაიწყო.
BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საერთო ჯამში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა. მეორე ტურში კი 21 გუნდი და 70-მდე სტუდენტი გადავიდა.
ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შექმნან ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელსაც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირებენ. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, რომელიც 3 გამარჯვებულს შორის განაწილდება. გუნდები თანხას პროტოტიპის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლის წევრებიც არიან:
- ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI თანადამფუძნებელი, AI Lab თანადამფუძნებელი;
- რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი;
- იოსებ ხუციშვილი – MaxinAI – თანადამფუძნებელი;
- მარიამ ჩახვაძე – Machine Learning / Software Engineer | Quantori;
- მიხეილ რუხაია – BTU-ს პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი | ხელმძღვანელი;
- თორნიკე სულაბერიძე – ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი | Lineate.
ჰაკათონის სამუშაო პროცესში მონაწილეებს მენტორობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები უწევენ:
- მართა მელია – მონაცემთა მეცნიერი | საქართველოს ბანკი;
- ანზორ გოზალიშვილი – ML Engineer | Quantori;
- ანა კოლხიდაშვილი – R&D გუნდის ლიდერი | Impel;
- გრიგოლ სამხარაძე – Startup Advisor / Mentor.
მონაწილეებისთვის, ასევე, დაგეგმილია MIT-ის ონლაინ ტრენინგი, თემაზე The impact of generative AI on business and the future of innovation. მისი სპიკერი იქნება MIT Sloan School of Management-ის ლექტორი, სერიული ანტრეპრენერი ჯორჯ ვითფილდი.
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში იმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას აერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას.
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.