BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამის ლექტორის, მარია ღლონტის პირველი AGILE SCRUM-ის ქართულენოვანი კურსი Udemy-ზე
რას აკეთებს კარგი პროექტების მენეჯერი იმისთვის, რომ სწორად მართოს გუნდი, საქმე და არ ინერვიულოს მოულოდნელ შედეგებზე? ის ეცნობა და სწავლობს პროექტმენეჯმენტის ცნობილ მეთოდოლოგიებს, შემდეგ კი არჩევს მათ შორის ყველაზე მოხერხებულს. ასევე კარგმა მენეჯერმა იცის, რა სჭირდება გუნდს, პროექტს, კომპანიას და, პირველ რიგში, თვითონ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი ყველასთვის მისაღები და სასიამოვნო იყოს, ბოლოს კი კმაყოფილებას ერთხმად გამოთქვამდნენ დამკვეთები, კომპანიის ხელმძღვანელებიცა და გუნდის წევრებიც.
ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული მეთოდოლოგია არის Agile და Scrum. ისინი ერთმანეთს ჰგავს, რადგან Scrum ეჯაილის ფრეიმვორკადაა ცნობილი. მისი შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო მეტი კომპანია უსვამს მომავალ პროექტების მენეჯერს გასაუბრებაზე კითხვას: იცნობთ ეჯაილის პრინციპებს?
ალბათ სწორედ ამ მიზეზებმა შთააგონა ჩვენი რესპონდენტი, მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმაზე Udemy, თავისი კურსი განეთავსებინა. მარია ღლონტი, კურსის ავტორი, უკვე 10 წელზე მეტია, პროექტების მართვის სფეროში მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს. არის ასევე ლექტორიც და ხშირად ატარებს კორპორაციულ ტრენინგებს agile scrum-ის შესახებ. იგი ასევე SCRUM CLUB Georgia-ს თანადამფუძნებელი გახლავთ, სადაც ამ სფეროს პროფესიონალები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ეს agile scrum-ის პირველი ქართულენოვანი კურსია Udemy-ზე და მისი საფასური $19.99-ია, პირველი ორი ვიდეო ლექცია კი უფასოა.