BTU-ს წარდგენილმა სტარტაპმა Zero Effect საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
“ბრიტანეთის საბჭოს” პროექტისა და კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული საქართველო გახდა. კონკურსში, რომელშიც 7 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მონაწილეობდა, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მეწარმეობის ცენტრის სტარტაპმა, Zero Effect-მა გაიმარჯვა.
ქართველ სტარტაპერებთან ერთად კონკურსში კიდევ 6 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 7 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტარდება.
გამარჯვებული პროექტის ავტორები BTU-ს მეწარმეობის ცენტრის წევრები ანა ქველაძე, ანა ჭყოიძე, თაკო ბარამიძე არიან.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და სამ კატეგორიას მოიცავს: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი ინდუსტრია. Zero Effect კატეგორია სოციალური გავლენის საერთაშორისო გამარჯვებული გახდა.
Zero Effect საქართველოში პირველი, ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება, შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული გასულ წელსაც საქართველო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სტარტაპი საპო გახდა.
მეწარმეობის ცენტრი “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა” და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი “ჰენლის” მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, “სილიკონ ველი თბილისის” ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.