BTU-ში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით იდეათონი ჩატარდა
გენდერული პრობლემების მოგვარებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად იდეათონი გაიმართა.
იდეათონის სამ გამარჯვებულს შორის, ერთ-ერთია პროექტი S4W.GE (Society for Women) – პლატფორმა, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ქალებს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, აკავშირებს ერთმანეთთან, აძლევს მათ საშუალებას, მოიძიონ ახალი საქმიანი კონტაქტები და ასევე მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის საჭირო რესურსები ინვესტორებისგან. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი იდეები ან უკვე მზა პროდუქტები და წარუდგინონ დაინტერესებულ მხარეებს.
გამარჯვებულებს UN Women-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, ხოლო კომპანია Lab-მა დიდი ენერგომოცულობის Power Bank-ები გადასცა. ამასთან, APM Terminals-ის მეშვეობით, გამარჯვებულები დაესწრებიან საგანმანათლებლო ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც გაიღრმავებენ ცოდნას ინოვაციური პროექტების განხორციელების კუთხით.
იდეათონის ჟიურის წევრები იყვნენ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი მაია ქობალია, „შპს“ გრიფინის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ვაჩიბერიძე, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი ნინო გოგუაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინოვაციების სპეციალისტი ალექსანდრე ღვინჯილია და „ლაბის“ წარმომადგენელი ანა კაჭიური.
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.