BTU-ში საქართველოს პირველი განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია გაიხსნა
საქართველოში პირველად მუშაობას განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია (RES Lab) იწყებს, რომლის მიზანიც საქართველოს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა იქნება.
RES Lab ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებში სადისკუსიო პანელი შეიქმნება, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება .
ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი შეხედულებით, ეს გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, რაც შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ხელთ გვექნება კონკრეტული კვლევები და ზუსტი შედეგები. ეს მოგვცემს საშუალებას, ვებრძოლოთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და პოპულიზმი, რომელიც ხშირად იჩენს თავს, თუნდაც, ჰესების მშენებლობათან დაკავშირებით .
ლაბორატორიის მუშაობაში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ორგანიზაცია, არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისოც, როგორიცაა: USAID, EBRD, ADB, EIB. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.
განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიის მუშაობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
ლაბორატორიის იდეასა და მის მუშაობაში სტუდენტების ჩართულობის პერსპექტივას დადებითად აფასებს სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ნარმანია:
„ენერგოეფექტურობის მიმართულებით კვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსაწონია ისიც, რომ ლაბორატორიის მუშაობაში სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რადგან, ერთი მხრივ, მათი გონება მზადაა თავისუფალი აზროვნებისთვის, აქვთ პოტენციალი, დამოუკიდებლად აწარმოონ კვლვები და ამასთანავე, პროფესიულად განვითარდნენ. მეორე მხრივ, ამგვარად იქმნება პროფესიონალი კადრების ბაზა, რომლის დეფიციტიც ჩვენს სფეროში ნამდვილად შეინიშნება,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიაში გაწევრიანება კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ. ლაბორატორია აქტიურ საქმიან მუშაობას უახლოესი დღეებიდან შეუდგება.
გლობალური დათბობა, რომლის გამომწვევი მიზეზიც არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტენსიური გამოყენების შედეგად ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვებაა, დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ განახლებადი ენერგოწყაროების გამოყენების შესახებ, რაც ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის გარანტია.