სტარტაპის კიბერუსაფრთხოება – საფრთხეები, შეცდომები, გაიდლაინი.
სტარტაპის კიბერუსაფრთხოება – საფრთხეები, შეცდომები, გაიდლაინი.
სესიას გაუძღვება ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი.
● ბიზნეს-ორგანიზაციის არსებობა კიბერსივრცის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. კიბერი არა მარტო ყოველდღიური ფუნქციების შესრულების არეალია, არამედ ჩართულობის და სათანადო ინფორმირებულობის, კავშირის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.
● კიბერსივრცის მზარდი გამოყენების პროპორციულად იზრდება რისკები. კიბერსაფრთხეებზე სრული იმუნიტეტის გამომუშავება მსოფლიო მასშტაბით შეუსრულებელ მისიად რჩება.
● მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, იგივე კიბერრისკებთან გამკლავება შეზღუდული ფინანსური, ადამიანური რესურსითა და კიბერშესაძლებლობებით უწევს.
მათ უმეტესობას არ გააჩნია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის შესაქმნელი რესურსი, თუმცა ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების დაცვა
მარტივი მეთოდებითაც შესაძლებელია.
• კიბერუსაფრთხოების საფუძვლები სტარტაპისათვის
• ბიზნესის განვითარებისას დაშვებული შეცდომები
• ინფორმაციული უსაფრთხოების სწორი პოლიტიკა სტარტაპისათვის
• ძირითადი საფრთხეები და მათი გამომწვევი ფაქტორები
• კიბერუსაფრთხოების გაიდლაინი
” არასდროს არ ყოფილა კიბერუსაფრთხოება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს მოწყობილობებში ვინახავთ, შესაძლოა, არასასურველ პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ამის მაგალითია საბანკო ბარათებიდან თანხის მოულოდნელად გაქრობის შემთხვევები, რის გამოც როგორც ეროვნულ ბანკს, ისე სხვადასხვა კომერციულ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტს რეკომენდაციების გაცემა მოუწია.
ასეთ შემთხვევებში ჰაკერები მარტივად მოქმედებენ, თუ თქვენი სისტემა დაცული არ არის, სასურველ ინფორმაციას ისე მიიღებენ, შეიძლება, ვერც მიხვდეთ. წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევა რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს კომპანიისთვის. ამიტომ დღეს, ორგანიზაციათა უმეტესობა ცდილობს, უსაფრთხოებაში რესურსები არ დაზოგოს.
თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია პროფესიონალისგან მიეწოდებინა. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ BTU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე – სტარტაპის კიბერუსაფრთხოება, საფრთხეები, შეცდომები და როგორი უნდა იყოს გაიდლაინი.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ბიზნეს-ორგანიზაციის არსებობა კიბერსივრცის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე კიბერრისკებთან გამკლავება შეზღუდული ფინანსური, ადამიანური რესურსითა და შესაძლებლობებით უწევს. მათ უმეტესობას არ გააჩნია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის შესაქმნელი რესურსი, თუმცა ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების დაცვა მარტივი მეთოდებითაც შესაძლებელია.
ანდრო გოცირიძემ სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტებს სტარტაპისთვის კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ბიზნესის განვითარების შედეგად დაშვებული შეცდომები, ინფორმაციული უსაფრთხოების სწორი პლიტიკა, ძირითადი საფრთხეები და მათი გამომწვევი ფაქტორები და კიბერუსაფრთხოების გაიდლაინი გააცნო.
„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება წარმოშობს დამატებით რისკებს და მათ შორის კიბერუსაფრთხოების რიკებსაც, რადგან ბიზნესის საწყის ეტაპზე არ არის საკმარისი არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი. შესაბამისად, გარკვეულწილად ხდება კიბერუსაფრთხოების, როგორც პრობლემის იგნორირება. რასაკვირველია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე საწარმოსთვის, სტარტაპისთვის და „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, როგორც სტარტაპების ჰაბში, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეწოდოთ ინფორმაცია, დასაწყისშივე როგორ ააწყონ კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და რა პრაქტიკული, იაფი, მაგრამ შრომატევადი ქმედებები უნდა განახროციელონ იმისთვის, რომ ბიზნესი კიბერუსაფრთხოების მხრივაც განვითარდეს“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
მისივე თქმით, თუ საერთაშორისო რეიტინგებს შევხედავთ, საქართველო კაიბერუსაფრთხოების მხრივ ყოველთვის მოწინავე ათეულშია, თუმცა ეს ცალსახად არ ნიშავს, რომ ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული.
„სტრატეგიები, ბიზნესი, თუნდაც ის სასწავლო გარემო, რომელიც აქ არის, კიბერსუაფრთხოების მიმართულებით დაწინაურებას უზრუნველყოფს. გარკვეული ჩანასახი იმისა, რომ კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ სერიოზულ ჩანასახად ჩამოყალიბდეს, არისა, თუნდაც ამ უნივერსიტეტში, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისა და „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები როგორც პირადი მოწყობილობებისა და ინფორმაციის, ისე სტარტაპის შემთხვევაში კიბერუსაფრთხოებით დაინტერესდნენ.
ანდრო გოცირიძემ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო საქმიანობისთვის რჩევები ინდივიდუალურად მისცა.