ურბანული განვითარების ჰაკათონი დასრულდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეოთხე ჰაკათონი ჩატარდა,რომლის თემა ურბანული განვითარება იყო, რაც თანამედროვე სამყაროში მეტად ტრენდული საკითხია. ჰაკათონის გამარჯვებული ვატო ღუდუშაურისა და დათი აბესაძის პროექტი გახდა. მათი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა , სადაც თბილისის მაცხოვრებლებს შეეძლებათ კონკრეტული ქუჩებისა და მათი რესტავრაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნახვა. ამგვარად, ხალხს საშუალება ექნება, ხმა მისცეს იმ უბნის გზის გაახლებას, რომელიც უფრო პრიოტირეტიულია.
პროექტის ავტორების თქმით, იდეის ინსპირაცია თავად ჰაკათონის მთავარი თემა გახდა. მათი აზრით, ურბანული განვითარებისთვის ქალაქში არსებული პრობლემების დემოკრატიული გზით გადაწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეეძლო. მსურველებს შორის 2-დან 4 წევრამდე შემადგენლობით გუნდები ჩამოყალიბდა. ჰაკათონში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა დავალების სირთულიდან გამომდინარე, ყველა მათგანი ფინალამდე ვერ მივიდა. მონაწილეებს საბოლოო პროდუქტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები.
აკათონის ოფიციალური პარტნიორები არიან კრეატიული განვითარების ცენტრი, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პარტნიორი – კომპანია DELL. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით და პარტნიორების მიერ დაწესებული სხვადასხვა საჩუქრებით.