სრული დაფინანსება BTU-ს სტუდენტებისთვის CryptX Group-სგან
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს ყველა მოწინავე ტექნოლოგიას საკუთარ სივრცეში ნერგავს, სტუდენტებს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. Blockchain Developer Program-ში გადამზადება და საზღვარგარეთ, ბლოკჩეინის აკადემიაში 6 კვირიანი სასწავლო კურსის სრული დაფინანსება – ამ შესაძლებლობას პირველ ეტაპზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 3 სტუდენტი მიიღებს. კურსი ჩატარდება საზღვარგარეთ: სეულში, აშშ-ში ან სინგაპურში და მისი ხანგრძლივობა 6 კვირა იქნება. ღირებულება 18,000-24,000 აშშ დოლარია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები კი 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო CryptX Group-თან, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგია და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე მომუშავე რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ბლოკჩეინის კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კი სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია. კურსის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს CryptX Group-ში დასაქმება ხანგრძლივი კონტრაქტითა და მაღალი ანაზღაურებით შეეძლებათ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით, აკადემია, სადაც სტუდენტები ისწავლიან მსოფლიოში პირველი აკრედიტირებული ბლოკჩეინის სკოლაა – academytoken.
„რამდენიმე დღის წინ Bitfury-ისა და მის საქართველოში წარმომადგენელთან ერთად გავხსენით ბლოკჩეინის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სტუდენტების ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში გადასამზადებლად შეიქმნა. ამ გადამზადებაში იგულისხმება ძალიან ბევრი მიმართულება, მათ შორის: ბლოკჩეინის საფუძვლები, კრიპტოგრაფია, კრიპტოვალუტები, სხვადასხვა სამარტ კონტრაქტებზე მომუშავე პროექტები და ასე შემდეგ. როგორც სტუდენტებს შევპირდით, ამ ლაბორატორიის გახსნიდან რამდენიმე დღეში კომპანია CryptX-თან დავიწყეთ თანამშრომლობა და მისი დახმარებით ჩავერთეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პროგრამაში, რომელიც მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. უპრეცედენტოა, რომ სტუდენტემა ასეთი მაღალბიუჯეტური კურსის დაფინანსება სრულად მიიღონ. გადამზადების მერე ისინი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კონტრაქტით CryptX ჯგუფში დასაქმდებიან. მეორე მხრივ კი, კურსდამთავრებულები გამოცდილებას გაუზიარებენ მეორე ნაკადის სტუდენტებს, რომლებსაც ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი ექნებათ. ეს კი Bitfury-ის ლაბორატორიაში მოხდება. საბოლოოდ აეწყობა უწყვეტი ჯაჭი, რომელიც მდგრადობას უზრუნველყოფს,“ – განმარტავს ნინო ენუქიძე.
საწყის ეტაპზე დაფინანსებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 3 სტუდენტი მიიღებს. თუმცა მათი შერჩევის პროცესში თავად უნივერსიტეტი მონაწილეობას არ მიიღებს. პოტენციური კადიდატებიდან სასურველებს თავად CryptX-ის წარმომადგენლები შეარჩევენ. უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება.